ფეხბურთი

20:25 | 29.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ლუკაკუს დამატება მალე სურს და ოსიმენის გასაყიდად გამოსავალს ეძებს

„ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით გამოსავლის პოვნას ცდილობს. ფეხბურთელს კლუბის დატოვება სურს, წინააღმდეგი არც იტალიელები არიან, მაგრამ სასურველ ფასად.

ოსიმენის გამოსასყიდი ფასი 130 მილიონი ევროა, რაც ჯერ არავის შეუთავაზებია, მათ შორის, არც პსჟ-ს, რომელთანაც ნიგერიელს პირადი შეთანხმება მიღწეული აქვს, მაგრამ კლუბებს შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ „ნაპოლი“ ცდილობს გამოსავალი მოძებნოს, რადგან რაც შეიძლება მალე სურს რომელუ ლუკაკუს დამატება, რომელთანაც ნეაპოლელებს შეთანხმება მიღწეული აქვთ.

ამიტომ, „ნაპოლი“ ეცდება ოსიმენი ლუკაკუს ტრანსფერში ჩართოს და ამის შესახებ „ჩელსის“ დაელაპარაკოს. სხვა კონკრეტული დეტალები უცნობია. საინტერესოა, რომ ოსიმენს მიმდინარე პრესეზონზე „ნაპოლის“ არც ერთ ამხანაგურ მატჩში არ უთამაშია, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა არ აქვს და შეკრებაზეა გუნდთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუს ტრანსფერი ანტონიო კონტეს სურს, მაგრამ მანამდე კლუბმა ოსიმენის გაყიდვა უნდა მოახერხოს. ნიგერიელ ფეხბურთელს „ნაპოლიში“ ჩატარებულ 133 მატჩში 76 გოლი აქვს გატანილი.

0.11406