უკრაინის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუსლან როტანმა პარიზის ოლიმპიადაზე ერაყთან სენსაციურ მარცხზე (1:2) ისაუბრა ჟურნალისტებთან.
„ყველამ ყველაფერი დაინახა. რომელ კანონზომიერებაზე შეიძლება ვისაუბროთ, როცა მოწინააღმდეგე მხოლოდ ორ-სამჯერ ურტყამს და ჩვენ ვაგებთ? ვფიქრობ, რომ აქ უფრო მეტი ბავშვური შეცდომაა, რამაც ეს თამაში თავდაყირა დააყენა. უნდა მივიღოთ ეს შედეგი.
მეტოქეებზე ერთით ან თუნდაც ორი თავით ძლიერები ვიყავით, მაგრამ შეცდომები ჩვენთვის საბედისწერო გამოდგა. დავიწყეთ ნერვიულობა, ვჩქარობდით. ეს არ არის საჭირო“, - ციტირებს როტანის სიტყვებს „Суспільне Спорт.“
მომდევნო მატჩში უკრაინის ნაკრები მაროკოს შეხვდება, ერაყი კი არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება.