პარიზის მერმა ენ იდალგომ წლის დასაწყისში დადებული პირობის შესაბამისად, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, მდინარე სენაში გაცურა, რათა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ მასში შეჯიბრების ჩატარება უსაფრთხოა. პარიზის მერთან ერთად, გაცურვაში მონაწილეობა მიიღო პარიზის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ტონი ესტანგემ და პარიზის რეგიონის - ილ დე ფრანსის პრეფექტმა მარკ გიიომმა. წყალში შევიდა რამდენიმე მოყვარული მოცურავეც.
დაახლოებით 100-მეტრიანი მონაკვეთის გაცურვის შემდეგ, ქალაქის მერი და თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ნაპირზე აპლოდისმენტების თანხლებით გამოვიდნენ.
პარიზს მერის გაცურვა ჟანდარმერიის და მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ განხორციელდა.
„როგორც იქნა, ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ ჩვენ ეს გავაკეთეთ. წარმოიდგინეთ, რომ ერთი წლის შემდეგ, აქ ოფიციალურად გამოიყოფა ადგილი, სადაც ნებისმიერს შეეძლება წყალში ჩავიდეს. მთლიანობაში სამი ასეთი ადგილი გვექნება. ოლიმპიური თამაშები ჩვენთვის არა მარტო გამოწვევა, არამედ ერთგვარი მამოძრავებელი ძალაა დადებითი ცვლილებებისთვის," - განაცხადა იდალგომ.
პარიზის მერის თქმით, მდინარე სენაზე საცურაო ზონების დაბრუნება 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მთავარი მემკვიდრეობა უნდა გახდეს.
ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ მდინარეში მოცურავეთა ოლიმპიური ასპარეზობების ჩასატარებლად ყველა პირობა შესაბამისობაშია. ცოტა ხნით ადრე, სენაში რამდენიმე სპორტსმენთან ერთად გაცურა საფრანგეთის სპორტის მინისტრმა ამელი უდეა-კასტერამ.
პარიზის მერიის ცნობით, ოლიმპიური თამაშებისთვის სენას გასაწმენდად რამდენიმე ნაგებობა და არხი გაიწმინდა. წყლის გამწმენდ სამუშაოებზე კი დაახლოებით 1,4 მილიარდი ევრო დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური სოფლის გახსნაზე სენაში ბანაობის პირობა დადო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონმა.
პარიზი-2024-ის ფარგლებში მდინარე სენაში შეჯიბრებები გაიმართება ტრიატლონსა (30-31 ივლისი და 5 აგვისტო) და ღია წყალში ცურვაში (8-9 აგვისტო).
GEONOC.ORG.GE