ფეხბურთი

19:39 | 18.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "დამშვიდობების დრო დადგა, მაგრამ "მეცი" ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება"

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „მეცს“ დაემშვიდობა. მან ვრცელი წერილი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, ეს ფაქტი კი, ადასტურებს, რომ „ლიონთან“ კონტრაქტი გაფორმებული აქვს.

„დადგა დრო დაგემშვიდობოთ. „მეცი“ სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. ვერასოდეს გამოვხატავ მადლიერებას ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ კლუბში მუშაობს. განსაკუთრებული მადლობა კარლო მოლინარს და ბერნარ სერინს, როგორც ყველა თანამშრომლებს. ვფიქრობ ყველა მწვრთნელზე, პერსონალზე, რომელთანაც მუშაობის პატივი მქონდა. არ მინდა გამომრჩეს ის ადამიანებიც, რომლებიც ჩრდილში არიან, მაგრამ კლუბში მუშაობენ, თქვენ ამ კლუბს ყოველდღე აცოცხლებთ.

მადლობა ჩემს ყველა თანაგუნდელს, რომლებისგანაც ამ წლებში ბევრი ვისწავლე. და ცხადია, მადლობა თქვენ, გულშემატკივრებო, თქვენ ხართ ამ კლუბის სული. ამ ქალაქს თქვენი ენთუზიაზმი სჭირდება, თქვენ ხართ მისი გული და მისი დნმ. მე ვიქნები თქვენი პირველი გულშემატკივარი ამიერიდან. მიუხედავად იმისა, რომ მეცში არ დავბადებულვარ, ისე მიმიღეთ, როგორც სახლში და სამუდამოდ მადლიერი ვიქნები. თქვენი მეფე ჟორჟი, სამუდამოდ“, - დაწერა მიქაუტაძემ.

გიორგი მიქაუტაძემ ფეხბურთის თამაში „ლიონის“ აკადემიაში დაიწყო, მაგრამ 15 წლის ასაკში კლუბის დატოვება მოუწია და პროფესიონალურ დონეზე „მეცის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 63 მატჩში 38 გოლი გაიტანა, მათ შორის, გასულ სეზონში ლიგა 1-ში 22 თამაშში თავი 14-ჯერ გამოიჩინა.

„მეცმა“ მიქაუტაძე ერთი წლის წინ 16 მილიონ ევროდ „აიაქსში“ გაყიდა, ხოლო წელს 13 მილიონად გამოისყიდა და ახლა „ლიონში“ გაასხვისა 18.5 მილიონ ევროდ. ტრანსფერი ოფიციალურად "ლიონმაც" და "მეცმაც" დაადასტურეს.

"მეცი" მას სპეციალური ვიდეორგოლით დაემშვიდობა.

0.112626