ვეტერანი ესპანელი მეკარე, პეპე რეინა, რომელიც 41 წლისაა, სერია A-ში დაბრუნდა. მან შეთანხმებას მიაღწია „კომოსთან“, რომელიც ახლახან დაუბრუნდა ელიტას და ეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
რეინა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა ლომბარდიელებს და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. პეპე სესკ ფაბრეგასის ხელმძღვანელობით ითამაშებს, რომელთან ერთად ესპანეთის ნაკრებში ირჯებოდა. სესკი „კომოს“ მწვრთნელია.
„შესანიშნავი პროექტის კლუბში მოვედი, ეს ერთი ოჯახია, რომელიც აგრძელებს ზრდას. ვბრუნდები ჩემპიონატში, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ძალიან კონკურენტუნარიანია“, - აღნიშნა რეინამ.
„კომო“ ასევე იმატებს კიდევ ერთ გამოცდილ ესპანელ მეკარეს, პაუ ლოპესს, რომელიც ბოლო წლებში „მარსელში“ ირჯებოდა.
პეპე რეინას „ბარსელონაში“, „ლივერპულში“, „ბაიერნში“, „ასტონ ვილაში“ უთამაშია, ბოლოს „ვილიარეალში“ იყო, ხოლო იტალიაში თამაშის დიდი გამოცდილებაც აქვს, სადაც „ნაპოლის“ 2013-2014, 2015-2018, „მილანის“ 2018-2020 და „ლაციოს“ 2020-2022 ღირსებას იცავდა.
აღსანიშნავია, რომ „კომო“ ძალიან ახლოსაა რაფაელ ვარანის დამატებასთანაც. ეს ტრანსფერიც დიდი ალბათობით, შედგება.