ფეხბურთი

17:54 | 16.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრიციო რომანო: "მიქაუტაძე ლიონშია, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს"

საქართველოს ნაკრების და "მეცის" ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე სულ მალე „ლიონის“ ფეხბურთელი გახდება.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, მიქაუტაძე დღეს ლიონშია, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და „ლომების“ ახალი ფეხბურთელი გახდება. იტალიელი ინსაიდერი წერს, რომ „მონაკოსთან“ გიჟური საგის და სამედიცინო შემოწმების დაგეგმის შემდეგ, მიქაუტაძემ „ლიონში“ გადასვლა გადაწყვიტა და კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს.

გიორგი მიქაუტაძემ ფეხბურთის თამაში „ლიონის“ აკადემიაში დაიწყო, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე „მეცის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 63 მატჩში 38 გოლი გაიტანა, მათ შორის, გასულ სეზონში ლიგა 1-ში 22 თამაშში თავი 14-ჯერ გამოიჩინა. გიორგის ასევე უთამაშია „აიაქსში“ (9 მატჩი, 0 გოლი) და ბელგიურ „სერენში“, სადაც 57 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების ღირსებას მიქაუტაძე 2021 წლიდან იცავს და 29 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი, რითაც ნაკრების ყველა დროის გოლეადორთა შორის უკვე ათეულშია. გიორგიმ ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა ევრო 2024, სადაც ოთხ თამაშში 3 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა და ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.

„ლიონი“ მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი პიერ საჟია. შეტევაში ოლიმპიკელთა ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი ალექსანდრ ლაკაზეტია.

0.110606