ფეხბურთი

1:15 | 16.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

L'Equipe: "ლიონი" "მეცსაც" შეუთანხმდა, სამშაბათს მიქაუტაძე სამედიცინო შემოწმებას გაივლის
23 წლის ქართველი "ლიონში" ბრუნდება და ტრანსფერის დეტალები ცნობილია

საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს, „მონაკოს“ ვარიანტი კი ჩაიშალა.

როგორც L’Equipe იტყობინება, ფეხბურთელთან შეთანხმების შემდეგ „ლიონის“ ხელმძღვანელობამ ცოტა ხნის წინ „მეცთანაც“ მიაღწია შეთანხმებას. „ლომები“ 18 მილიონ ევროს გადაიხდიან ბონუსების გარეშე.

გიორგი ლიონში სამედიცინო შემოწმებას სამშაბათს გაივლის და შემდეგ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი შვებულებაში 27 ივლისამდე დარჩება, შემდეგ კი, ავსტრიული შეკრებიდან დაბრუნებულ „ლიონს“ შეუერთდება და პიერ საჟის ხელმძღვანელობით ვარჯიშს დაიწყებს.

გიორგი მიქაუტაძემ ფეხბურთის თამაში „ლიონის“ აკადემიაში დაიწყო, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე „მეცის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 63 მატჩში 38 გოლი გაიტანა, მათ შორის, გასულ სეზონში ლიგა 1-ში 22 თამაშში თავი 14-ჯერ გამოიჩინა. გიორგის ასევე უთამაშია „აიაქსში“ (9 მატჩი, 0 გოლი) და ბელგიურ „სერენში“, სადაც 57 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების ღირსებას მიქაუტაძე 2021 წლიდან იცავს და 29 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი, რითაც ნაკრების ყველა დროის გოლეადორთა შორის უკვე ათეულშია. გიორგიმ ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა ევრო 2024, სადაც ოთხ თამაშში 3 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა და ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.

„ლიონი“ მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი პიერ საჟია. შეტევაში ოლიმპიკელთა ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი ალექსანდრ ლაკაზეტია.

0.11525