შოტლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გორდონ სტრაჩანი ევრო-2016-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსთან "აიბროქსზე" 1:0 მოგებული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ შოტლანდიის მწვრთნელობის პერიოდში მისმა გუნდმა 65 წუთი საუკეთესოდ ითამაშა.
"შოტლანდიელებმა შესანიშნავად იასპარეზეს. მატჩის საწყისი 65 წუთი საუკეთესო იყო, რაც შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი ვარ. მინდოდა მოგვეგო, გვჭირდებოდა ქულების აღება და როცა პარასკევ საღამოს დასაძინებლად მივდიოდი, ვიფიქრობდი: "როგორ ვაპირებთ მეტოქის დამარცხებას?" წარმომედგინა, რომ ეს გართულდებოდა და გოლის გატანაც გაგვიჭირდებოდა. თუმცა ჩემმა ფეხბურთელებმა ძალიან თავისუფლად ითამაშეს და მეტოქის დამარცხებაც არ გასჭირვებია. შოტლანდიამ, რომელსაც ბევრი მომენტი ჰქონდა, მოუგო იმ გუნდს, რომელსაც კარგი დაცვა ჰყავს" - განაცხადა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.
ევროშესარჩევის მომდევნო ტურის მატჩს შოტლანდია სტუმრად პოლონეთის ეროვნულ ნაკრებთან 14 ოქტომბერს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.