ფეხბურთი

1:00 | 15.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრების სრული ტრიუმფი და სარეკორდო ჩემპიონობა
ბოლო 5 ევროპის ჩემპიონატიდან სამი ესპანეთმა მოიგო

ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონია - ისტორიაში მეოთხედ, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

ვერავინ იტყვის, რომ დაუმსახურებლად, რადგან „ფურია როხამ“ ევრო 2024-ზე ყველა მატჩი მოიგო, შვიდიდან შვიდი, ერთადერთხელ დასჭირდა საამისოდ დამატებითი დრო. თან რა მეტოქეებს სძლია? ინგლისს, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, საქართველოს, ხორვატიას და ალბანეთს.

პირველ ტაიმში ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ პრაქტიკულად არაფერი ხდებოდა. ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი გახსნის ცერემონია და იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ჯორჯო კიელინის მიერ მოედანზე ძალიან ემოციურად გამოსვლა იყო, ევროპის ჩემპიონატის თასთან ერთად.

მართლაც, შესვენებამდე თამაშში საინტერესო არაფერი მომხდარა, რადგან კარში ერთადერთი დარტყმა იყო, ინგლისელთა მხრიდან. თამაშს მაინც ესპანეთი აკონტროლებდა, რომელიც ტრადიციულად ბურთს ფლობდა და ძირითად დროს მეტოქის ნახევარზე ატარებდა, მაგრამ ინგლისი თავს კარგად იცავდა.

პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთი როდრის გარეშე დარჩა, რომელიც ტრავმის გამო შესვენების შემდეგ მოედანზე ვერ გავიდა. თუმცა, ესპანეთის ნაკრებმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარა.

47-ე წუთზე უკვე დაწინაურდა, კარში პირველივე ზუსტი დარტყმა გოლით ნიკო უილიამსმა დაასრულა - 1:0. მალეე მას დუბლის შესრულება შეეძლო და ოდნავ არაზუსტად დაარტყა, მერე ალვარო მორატამაც ააცილა გასატან ვითარებაში, ბოლოს, ლამინ იამალს აჯობა ჯორდან პიკფორდმა.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ცვლილებებს მიმართა და პირველი ჰარი კეინი გაიყვანა! სამაგიეროდ, მეორე შეცვლა გამოუვიდა შედეგიანი, როცა კოულ პალმერი ჩართო თამაშში და მანაც 3 წუთში საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით უზუსტესად დაარტყა. უნდა აღინიშნოს ჯუდ ბელინგემის საგოლე პასი.

თუმცა, გათანაბრების შემდეგ ინგლისმა ისევ მეორე ნომრად დაიწყო თამაში და დაისაჯა. 82-ე წუთზე ლამინ იამალის გოლისგან ინგლისი პიკფორდმა იხსნა, ხოლო 86-ე წუთზე ინგლისელთა დაცვა კიდევ ერთხელ ჩავარდა, ამჯერად უკვე პიკფორდის შანსი არ ჰქონდა და საჩემპიონო გოლი მიკელ ოიარსაბალმა შეაგდო - ფინალს მოულოდნელი გმირი კი ნამდვილად ჰყავდა.

ინგლისის ნაკრებს გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ჯერ უნაი სიმონმა გადაარჩინა ესპანეთი, იქვე დანი ოლმომ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. ეს მატჩის კულმინაცია იყო და ესპანეთმა ინგლისს 2:1 აჯობა.

ესპანეთის ნაკრებმა 2014 წლის მუნდიალის, ევრო 2016-ის, 2018 წლის მუნდიალის, ევრო 2020-სა და 2022 წლის მუნდიალის ჩაგდების შემდეგ ტიტული მოიგო. ეს მეოთხე ევროპის ჩემპიონატია ესპანელთათვის და ამ ტურნირზე ამაზე შედეგიანი არავინაა, გერმანიას გაუსწრო, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული ევროპის ჩემპიონატი. „ფურია როხამ“ სამჯერ ეს ტურნირი ბოლო 16 წელში მოიგო, ანუ ბოლო 5 ევროპის ჩემპიონატიდან სამი ესპანეთის ტრიუმფით დასრულდა.

ინგლისის ნაკრები კი? ისევ, 1966 წლის შემდეგ უტიტულოდ და ზედიზედ მეორედ წაგებული ფინალი ევროპის ჩემპიონატზე. ჰარი კეინის კარიერაც ისევ ტიტულის გარეშეა.

საქართველოს ნაკრები მომავალ ჩემპიონთან გამოეთიშა ტურნირს მერვედფინალში. ევრო 2024 კი, ქართული ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ ოქროს ასოებით დარჩება, რატომ, ბევრი ახსნა არ სჭირდება.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად უეფამ როდრი დაასახელა, ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ლამინ იამალი. ბომბარდირი? 6 ფეხბურთელი გახდა და მათ შორისაა გიორგი მიქაუტაძე!

ევრო 2024 დასრულებულია, დაუვიწყარი ტურნირი მთელი საქართველოსთვის.

ესპანეთი - ინგლისი 2:1 (0:0)

ბერლინი, „ოლიმპიაშტადიონი“

ესპანეთი (4-3-3): სიმონი; კარვახალი, ლე ნორმანი (ნაჩო 83), ლაპორტი, კუკურელია; დანი ოლმო, როდრი (სუბიმენდი 46), ფაბიან რუისი; იამალი (მერინო 89), მორატა (ოიარსაბალი 68), ნიკო უილიამსი

მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე

ინგლისი (3-4-2-1): პიკფორდი; უოკერი, სტოუნსი, გეჰი; საკა, მეინო (პალმერი 70), რაისი, შოუ; ფოდენი (ტოუნი 89), ბელინგემი; კეინი (უოტკინსი 61)

მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

გოლები: 1:0 ნიკო უილიამსი (47), 1:1 პალმერი (73), 2:1 ოიარსაბალი (86)

გაფრთხილება: დანი ოლმო (31) - კეინი (25), სტოუნსი (53), უოტკინსი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (5) – 9 (3) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 10:2 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ფრანსუა ლეტესიე (საფრანგეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117101