ფეხბურთი

17:30 | 13.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

AS: 40 მილიონის გადახდა ჯერ არავის სურს, "ვალენსია" მამარდაშვილის გაყიდვას არ ჩქარობს

ცნობილი ესპანური გამოცემა AS წერს, რომ „ვალენსია“ არ ჩქარობს გიორგი მამარდაშვილის გაყიდვას, რადგან თანხას, რომელსაც კლუბი ითხოვს, ჯერჯერობით, არავინ იხდის. ამიტომ, მთავარი მწვრთნელი რუბენ ბარახა ქართველს შეკრებაზე ხელგაშლილი ელოდება.

„ევროპის ჩემპიონატი ხვალ დასრულდება, მაგრამ მამარდაშვილმა გამოსვლა 30 ივნისს დაასრულა, როდესაც საქართველო ესპანეთთან დამარცხდა. ქართველი ამ ზაფხულს მეკარეებს შორის სატრანსფერო ბაზარზე ისევ ყველაზე საინტერესო სახეა, თუმცა, კლუბები, როგორც ჩანს, არ აპირებენ იმ თანხის გადახდას, რასაც „ვალენსიას“ პრეზიდენტი პიტერ ლიმი ითხოვს. ალბათ, ფიქრობენ, ღირს თუ არა მეკარის პოზიციაზე ამხელა ინვესტიციის განხორციელება.

ფეხბურთელი შვებულებაშია და პრესეზონისთვის ვალენსიაში დაბრუნება მოუწევს. ეს მოხდება 28 ივლისს, სულ რაღაც ოთხ კვირაში, როცა საქართველო ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. ამ დღეებში მამარდაშვილი სამედიცინო შემოწმებას გაივლის წინასასეზონოდ და მას რუბენ ბარახა ხელგაშლილი ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე ჰყავს დიმიტრიევსკის სახით კიდევ ერთი უმაღლესი დონის მეკარე.

წინა წლის მსგავსად „ვალენსია“ მამარდაშვილის გაყიდვას არ ჩქარობს. ლიმი ისევ 40 მილიონ ევროს ითხოვს თუ რომელიმე კლუბი ამ ფასთან მიახლოებულ თანხას მაინც არ გადაიხდის, მამარდა „ვალენსიას“ არ დატოვებს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მეკარეს „ვალენსიას“ მაისურით 100 მატჩი აქვს ჩატარებული, კონტრაქტი კი, 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.11794