საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე "ლიონში" დაბრუნდა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მიქაუტაძემ "ლიონთან" კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
"მეცმა" ქართველ ფეხბურთელში 18.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა. გარდა ამისა, შეიძლება ბონუსის სახით ტრანსფერს 4.5 მილიონი ევროც დაემატოს, ხოლო შემდგომი გაყიდვიდან "მეცს" თანხის 15% ერგება. აღსანიშნავია, რომ მანამდე "მონაკოში" ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ქართველმა ბოლოს მშობლიურ კლუბში დაბრუნება ამჯობინა, რომლის აკადემიაში 2015 წლამდე თამაშობდა და საერთოდაც, ლიონშია დაბადებული.
გიორგი მიქაუტაძემ ფეხბურთის თამაში „ლიონის“ აკადემიაში დაიწყო, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე „მეცის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 63 მატჩში 38 გოლი გაიტანა (13 საგოლე პასი), მათ შორის, გასულ სეზონში ლიგა 1-ში 22 თამაშში თავი 14-ჯერ გამოიჩინა. გიორგის ასევე უთამაშია „აიაქსში“ (9 მატჩი, 0 გოლი) და ბელგიურ „სერენში“, სადაც 57 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების ღირსებას მიქაუტაძე 2021 წლიდან იცავს და 29 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი, რითაც ნაკრების ყველა დროის გოლეადორთა შორის უკვე ათეულშია. გიორგიმ ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა ევრო 2024, სადაც ოთხ თამაშში 3 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა და ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.
„ლიონი“ მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი პიერ საჟია. შეტევაში ოლიმპიკელთა ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი ალექსანდრ ლაკაზეტია. "ლიონის" საუკეთესო პერიოდი მიმდინარე საუკუნის სტარტზე იდგა, როცა ზედიზედ შვიდჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებით გამოდიოდა. მომდევნო სეზონში "ლომები" ევროპა ლიგაზე ითამაშებენ.
მიქაუტაძე ჯერჯერობით რჩება შვებულებაში და "ლიონს" 27 ივლისს უნდა შეუერთდეს, როცა საჟის გუნდი ავსტრიული შეკრებიდან საფრანგეთში დაბრუნდება. ლიგა 1-ის პირველ ტურში "ლიონი" 18 აგვისტოს, "რენს" დაუპირისპირდება.