გარეთ საუთგეიტს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, ინგლისის ნაკრების თამაში ევრო 2024-ზე ნამდვილად არ იყო თვალსასეირო და უნაკლო, მაგრამ როგორც ამბობენ, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ - საუთგეიტი კი, ჯერჯერობით გამარჯვებულია, რადგან ინგლისის ნაკრები ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატის ფინალშია.
გარდა ამისა, ისტორიაში პირველად ინგლისის ნაკრები გავიდა დიდი ტურნირის ფინალში (მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის), რომელიც არ ტარდება ინგლისში. აქამდე მხოლოდ ორჯერ იყო ფინალში ნამყოფი 1996 წლის მუნდიალზე და წინა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ორჯერვე ფინალი "უემბლიზე" ითამაშა.
შედარებისთვის, ინგლისი ევროპის ჩემპიონატის ფინალში 2021 წლამდე საერთოდ არ იყო ნამყოფი, მაგრამ ბოლო სამ წელში მეორედ შეძლო გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის უფლების მოპოვება.
დორტმუნდში, ნახევარფინალში, ინგლისმა ნიდერლანდების ნაკრები დრამატულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. რონალდ კუმანის გუნდისთვის ეს იყო ევროზე პირველი ნახევარფინალი 2004 წლის შემდეგ, თუმცა, ისტორიაში მეექვსე და მეხუთედ განიცადა მარცხი. არადა, ნიდერლანდებმა თამაში ჩინებულად დაიწყო, რადგან მეშვიდე წუთზე ხავი სიმონსის ეფექტური გოლით დაწინაურდა.
თუმცა, უპირატესობა დიდხანს ვერ შეინარჩუნეს, რადგან 10 წუთში ჰარი კეინმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თვითონვე გაიტანა და წონასწორობა აღადგინა - 1:1. ამის შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები: მაგალითად, დენზელ დუმფრისის დარტყმა ხარიხას მოხვდა, ფილ ფოდენის - ძელს. ერთხელ ფოდენის დარტყმა კარის ხაზიდან დუმფრისმა გამოიტანა. მოკლედ, პირველი ტაიმი კარგი სანახავი გამოდგა.
მეორე ნახევარი შედარებით მოსაწყენი იყო ხარისხობრივად, რისკს ორივე გუნდი ერიდებოდა. 81-ე წუთზე გარეთ საუთგეიტმა ალბათ ბევრი გააკვირვა - მოედნიდან კეინი გაიყვანა და თამაშში ოლი უოტკინსი ჩართო - „ასტონ ვილას“ ბომბარდირი, რომელსაც ამ ევროზე მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ნათამაშები. ასეთ კრიტიკულ მომენტში მსგავს ცვლილებას ალბათ ბევრი არ გააკეთებდა.
და, მაშინ, როცა ყველა დამატებით დროს ელოდა, სწორედ უოტკინსმა გაიტანა! ოლი მაგრად დატრიალდა საჯარიმოში, სტეფან დე ვრეის აჯობა და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა. ცვლილების გამოცნობას ასეთი უნდა. მოკლედ, საუთგეიტი ახლა გმირია.
სხვათა შორის, საუთგეიტი მესამე მწვრთნელია ჰელმუთ შონის (1972-1976) და ბერტი ფოგთსის (1992-1996) შემდეგ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ ორჯერ მოახერხა გასვლა.
ინგლისი ევრო 2024-ის ფინალში 14 ივლისს, ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ისე, შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალშიც, რომელიც ბათუმში გაიმართა, ინგლისი და ესპანეთი შეხვდნენ. მაშინ ინგლისელებმა მოიგეს, ვნახოთ, დიდებში რა მოხდება.
ნიდერლანდები - ინგლისი 1:2 (1:1)
დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“
ნიდერლანდები (4-3-3): ვერბრიუგენი; დუმფრისი (ზირკზე 90), დე ვრეი, ვან დეიკი, აკე; შუტენი, სიმონსი (ბრობი 90), რეინდერსი; მალენი (ვეგორსტი 46), დეპაი (ვეერმანი 35), გაკპო
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
ინგლისი (3-4-2-1): პიკფორდი; უოკერი, სტოუნსი, გეჰი; საკა (კონსა 90), მეინო (გალაჰერი 90), რაისი, ტრიპიერი (შოუ 46); ფოდენი (პალმერი 81), ბელინგემი; კეინი (უოტკინსი 81)
მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი
გოლები: 1:0 სიმონსი (7), 1:1 კეინი (18, პენ), 1:2 უოტკინსი (90)
გაფრთხილება: დუმფრისი (17), ვან დეიკი (87), სიმონსი (90) - ბელინგემი (72), საკა (86)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 10 (4) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 3:0 თამაშგარე: 1:4
მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)