საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი კარიერას „სენტ ეტიენში“ გააგრძელებს. ეს ინფორმაცია ფრანგულმა კლუბმა ამჯერად ოფიციალურად დაადასტურა.
სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ზურიკომ ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ერთი წლით განახლების ვარიანტით. „ბორდომ“ 23 წლის ქართველის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო მიიღო. "სენტ ეტიენის" სოციალურ ქსელში ზურიკოს ტრანსფერი საქართველოს ჰიმნით დაადასტურეს.
დავითაშვილით იტალიის სერია A-ს სამი კლუბი, „ვენეცია“, „კომო“ და „ჯენოა“ ინტერესდებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, „სენტ ეტიენის“ ინტერესი უფრო ძლიერი იყო და ქართველმაც საფრანგეთში დარჩენა ამჯობინა.
ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 71 მატჩში 14 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში ლიგა 2-ში 37 მატჩში 8 გოლით და 8 საგოლე პასით გამოირჩა. მანამდე ის „დინამო თბილისის“, „ლოკომოტივის“, „რუბინის“, „როტორის“, ტულის „არსენალის“ და „დინამო ბათუმის“ რიგებში თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში მას 39 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა.
„სენტ ეტიენი“ საფრანგეთის ერთ-ერთი ისტორიული გუნდია, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონობა 10-ჯერ აქვს მოგებული, ლიგა 1-ში კი, წელს დაბრუნდა, როდესაც პლეი-ოფში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ დაამარცხა. „მწვანეები“ ლიგა 1-ის პირველ ტურში „მონაკოს“ შეხვდებიან.