რაგბი

17:32 | 8.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელომ’ სეზონი „ოქროს“ დუბლით დახურა

ქართული რაგბის 2023/24 წლების სეზონი ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის ფინალით დასრულდა. რეგულარული სეზონის გამარჯვებული და მოქმედი ჩემპიონი ‘ლელო’, ჯგუფური ეტაპის მეორე ადგილოსან ‘აიას’ დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ დაუპირისპირდა. ჩემპიონს სეზონში ერთადერთი მარცხი სწორედ რიონისპირელებთან მეორე წრის გასვლით შეხვედრაში ქონდა განცდილი – 14:8. პაატა მაისურაძის ბიჭებმა პირველ წრეში პრინციპულ მეტოქეს დედაქალაქში 12:11 მოუგეს.

ფინალური მატჩის მეორე წუთზე ‘აიამ’ მეტოქის დაგვიანებული გადაგორების გამო ჯარიმა გამოიმუშავა, რომელიც 30 მეტრიდან რიონისპირელთა მგეზავმა დუტა დაშნიანმა ზუსტად შეასრულა. ‘ლელომ’ შეხვედრა მძლავრი იერიშებით განაახლა და 3 წუთის შემდეგ მეტოქის 22 მეტრიანში საკუთარი შერკინებიდან გამოტანილი ოვალი სივრცეზე კარგად გაშალა და დიდ დიღმელთა მასშტაბური შეტევა, კარგად აკინძული ფაზებით, ლელოთი ბურჯმა საბა მერებაშვილმა დააგვირგვინა. მგეზავ ლევან ბუცხრიკიძის ზუსტმა გარდასახვამ ‘ლელოს’ 4 ქულიანი უპირატესობა მოუპოვა.

‘ლელო’ შეტევებს აგრძელებდა და მე-10 წუთზე მიწაზე ორმაგი მოძრაობის გამო ‘აია’ საკუთარ 22 მეტრიანში დააჯარიმა. ბუცხრიკიძემ ზუსტი დარტყმით ანგარიშში სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა. 21-ე წუთზე რიონისპირელთა მოთამაშე თამაშგარეში ჩარჩა, რის გამოც დანიშნული ჯარიმა ბუცხრიკიძემ კვლავ უნაკლოდ შეასრულა და ‘ლელომ’ მატჩის პირველი ნახევარი 13:3 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ‘ლელომ’ ეფექტური „ბოქს კიკებით“, ტაქტიკური დარტყმებითა და უხვი დომინანტური ბოჭვებით მეტოქე პირველ ტაიმში საკუთარ 22-იანს საერთოდ არ გააკარა.

მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში მოედანზე ვითარება დიდად არ შეცვლილა. ‘აიას’ მგეზავ დუტა დაშნიანის 40 მეტრიდან გატანილ ულამაზეს არეკნს, ‘ლელოს’ „აფეთქება“ მოჰყვა. ჩემპიონის ფრთა გურამ გარშაულაშვილის 50/22-ზე გამოზომილი დარტყმის შემდეგ, პაატა მაისურაძის ბიჭებმა საკუთარი დერეფნიდან კარგად შეკრული მოლით, სწრაფი და მძლავრი შეტევა კვაჭ საბა ჯიბღაშვილის ლელოთი დააგვირგვინა. ბუცხრიკიძის ზუსტმა გარდასახვამ ‘ლელოს’ უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდა.

მატჩის დასკვნითმა ნაწილმა კი ‘აიას’ იერიშებში ჩაიარა. რიონისპირელებმა ჯერ მეტოქის 5 მეტრიანთან კარგად აგორებული მოლით შეტევა მარბიელ საბა ფხაკაძის დადებული ლელოთი დაასრულეს. დაშნიანმა ზუსტად გარდასახა და მატჩის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე მორიგი გატანილი ჯარიმით ანგარიშში ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა.

მატჩის ბოლო წუთებზე ‘აია’ მეტოქის 5 მეტრიანთან „დასახლდა“, ახლოსაც იყო გამარჯვების მომტანი ლელოს დადებასთან, თუმცა რიგმა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა და ‘ლელოს’ დაცვის მწყობრმა და საიმედო თამაშმა ქუთათურებს მოგება არ დაანება. დრამატული შეხვედრა ‘ლელომ’ 20:16 მოიგო.

ჟიურიმ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ‘ლელოს’ მხრიდან მარბიელი შოთი გვრიტიშვილი დაასახელა, რიონისპირელთა რიგებში კი მარბიელი საბა ფხაკაძე გამოარჩია. გუნდები სიგელებითა და შესაბამისი მედლებით სრკ-ს გამგეობის წევრმა ალექსანდრე ხვედელიძემ დააჯილდოვა. ‘ლელოს’ კაპიტანმა ნიკოლოზ ლობჟანიძემ კი საჩემპიონო თასი გეგი გვაზავას ხელიდან ჩაიბარა. უკვე მე-5 სეზონია, რაც უმცროს ჭაბუკთა პირველობის გამარჯვებულს დავით გვაზავას სახელობის გულშემატკივართა თასი გადაეცემა, რომელიც 2019 წელს ქართული რაგბის დიდი ქომაგის, გვაზავების ოჯახმა დააარსა.

‘ლელომ’ ბოლო ათწლეულის მანძილზე უმცროსი ასაკის ჭაბუკთა პირველობა მეშვიდედ მოიგო. ისიც აღსანიშნავია, რომ დიდ დიღმელებმა მიჯრით ბოლო 5 ჩემპიონატში იპირველეს და თან ‘ლელოს’ სარაგბო კლუბმა ორივე ასაკის ჭაბუკთა შორის გამართულ ჩემპიონატებზე „ოქროს დუბლი“ ზედიზედ მეორედ შეასრულა. 3 თვის წინ ჭაბუკთა ‘ა’ ლიგაში ‘ლელომ’ ტიტული წარმატებით დაიცვა.

ბრინჯაოს მედლის მფლობელს „რაგბი პლატოზე“, ‘აკადემია’-‘ბათუმის’ შეხვედრა არკვევდა. რეგულარულ სეზონში „მხატვრებმა“ მეტოქეზე 1-ით მაღალი, მესამე საფეხური დაიკავეს და პოდიუმისთვის გადამწყვეტი მატჩის მასპინძლობის უფლებაც ირგუნეს. აღსანიშნავია, რომ ‘აკადემიას’ აჭარლები ჯგუფური ეტაპის ორივე შეხვედრაში (25:8 და 28:17) ყავდა დამარცხებული.

შეხვედრის დებიუტი ბათუმელთა უპირატესობით აღინიშნა. სტუმართა ფრთა გიგი აბაშიძემ საკუთარი გუნდი გატანილი ჯარიმით დააწინაურა, შემდეგ კი თანაგუნდელი შუამარბის გოგა ბერიძის დადებული ლელოც ზუსტად გარდასახა. ‘აკადემიას’ 10-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა არ გაჭირვებია. პირველივე ტაიმში „მხატვართა“ ფულბეკმა ივა კვირიაშვილმა „დუბლი“ შეასრულა, ხოლო ფრთა ანდრია გულორდავამ და შუამარბმა დემეტრე დევდარიანმა თითო ლელოს გატანა მოახერხეს. დევდარიანმა 3 გარდასახვა გამოიყენა და შესვენების წინ ნიკა ჩიტალაძის ბიჭები 16 ქულით დაწინაურდნენ – 26:10.

მეორე ტაიმში ‘აკადემიას’ მგეზავმა ნიკა ჩაჩანიძემ გარდაუსახავი ლელოთი ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო სოლიდური გახადა. ‘ბათუმი’ მარცხს არ ეგუებოდა, ბოლომდე იბრძოდა და დარჩენილ დროში ლელო ჯერ აჭარელთა კვაჭმა დადუ აბესლამიძემ გაიტანა, რასაც მოლის ჩაქცევისთვის სტუმართა სასარგებლოდ დანიშნული საჯირომო ლელოც მოჰყვა. ‘აკადემიამ’ მატჩი 31:22 მოიგო და 3-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ უწია პოდიუმს.

მატჩის ჟიურიმ გამარჯვებულთა შორის საუკეთესო მოთამაშედ დემეტრე დევდარიანი დაასახელა, ხოლო ბათუმელთა რიგებში გოგა ბერიძე გამოარჩია.

RUGBY.GE

0.121157