ფეხბურთი

22:40 | 6.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი - უფეხბურთოდ ნახევარფინალში

ინგლისის ნაკრები ევრო 2024-ზე ძალიან მძიმე, მოსაწყენ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ შედეგობრივად არაფერი დაეწუნება, უკვე ნახევარფინალშია.

გარეთ საუთგეიტის გუნდმა ჯერ ჯგუფში მხოლოდ 5 ქულა დააგროვა, მერე სლოვაკეთს ოდენ დამატებით დროში აჯობა და გავარდნას მართლა ბეწვზე გადაურჩა, ახლა კი, შვეიცარიის ნაკრები გააგდო.

არადა, ინგლისელებს ამჯერადაც არაფერი უჩვენებიათ ისეთი, მოგება რომ დაემსახურებინათ, თუმცა მოიგეს - პენალტების სერიაში. თამაში ძალიან, ძალიან მოსაწყენი გამოდგა. შვეიცარია უფრო აქტიურობდა და მოგებასაც უფრო მეტად იმსახურებდა.

მურატ იაკინის გუნდი ძალიან ახლოსაც იყო გამარჯვებასთან, რადგან 75-ე წუთზე პრაქტიკულად პირველივე სახიფათო იერიში თამაშში, გოლით დასრულდა, რომელიც ბრილ ემბოლოს აქტივშია. შვეიცარიელმა ფორვარდმა კაილ უოკერს დაასწრო და ახლო მანძილიდან შეაგდო.

თითქოს, ეს შვეიცარიის გამარჯვებას ნიშნავდა, რადგან იქამდე, ინგლისის ნაკრებს საერთოდ არაფერი შეუქმნია, ნახევრად მომენტიც კი არ ჰქონია. თუმცა, მწყობრად მოთამაშე შვეიცარიამ გოლი მაინც გაუშვა, რომელიც მთლიანად ბუკაიო საკას მაღალი კლასის დამსახურებაა, რომელმაც შორი მანძილიდან გაიტანა და წონასწორობა მე-80 წუთზე აღადგინა.

შემდეგ იყო დამატებითი დრო, სადაც ინგლისი ისევ ინერტული და უფანტაზიო იყო. სამაგიეროდ, შვეიცარიას ჰქონდა საგოლე შანსები. მაგალითად, შერდან შაქირის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ხარიხას მოხვდა, ცოტა ხანში ჯორდან პიკოფორდმა ზეკი ამდუნის დარტყმა უკუაგდო, მერე კი, სილვან ვიდმერმა ვერ მოახერხა კარგად დარტყმა. მოკლედ, ალბიონელები გადარჩნენ.

სამაგიეროდ, პენალტების სერიაში ინგლისის ნაკრები უშეცდომო და ცივსისხლიანი იყო. საუთგეიტის ბიჭებმა 5-დან 5 პენალტი გაიტანეს, შვეიცარიელებმა 4-დან - სამი. პირველივე დარტყმა მანუელ აკანჯიმ უბრალოდ კატასტროფულად შეასრულა და ამან ინგლისი ნახევარფინალში გაიყვანა.

ინგლისი - შვეიცარია 1:1 პენ: 5:3 (0:0)

დიუსელდორფი, „მერკურ შპილ არენა“

ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი, უოკერი, სტოუნსი, კონსა (პალმერი 78), ტრიპიერი (შოუ 78); მეინო (ეზე 78), რაისი; საკა, ბელინგემი, ფოდენი (ალექსანდერ-არნოლდი 115); კეინი (ტოუნი 109)

მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

შვეიცარია (3-4-3): ზომერი; შერი, აკანჯი, როდრიგესი; რიდერი (ცუბერი 63), ფროილერი (სიერო 118), ჯაკა, ებიშერი (ამდუნი 118); ნდოიე (ზაკარია 98), ემბოლო (ჩაქირი 109), ვარგასი (ვიდმერი 63)

მწვრთნელი: მურატ იაკინი

გოლები: 0:1 ემბოლო (75), 1:1 საკა (80)

პენალტების სერია: 1:0 პალმერი, 1:0 აკანჯი (მეკარე), 2:0 ბელინგემი, 2:1 შერი, 3:1 საკა, 3:2 ჩაქირი, 4:2 ტოუნი, 4:3 აბდუნი, 5:3 ალექსანდერ-არნოლდი

გაფრთხილება: კეინი (67) - შერი (32), ვიდმერი (85)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (3) – 9 (3) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110251