ფეხბურთი

1:35 | 6.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

უმძიმესი საფრანგეთი, მაგრამ მაინც ნახევარფინალისტი

საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. უმძიმესი და უფერული ფეხბურთით, მაგრამ ფაქტი სახეზეა.

ევრო 2024-ზე საფრანგეთის ნაკრებმა 5 მატჩი ჩაატარა და ღია თამაშიდან გოლი არ გაუტანია... დიდიე დეშამის გუნდმა მხოლოდ 3 გოლი მიითვალა ამ ტურნირზე, ერთი პენალტით კილიან მბაპეს აქტივშია, ორი ავტოგოლი გავიდა ფრანგთა სასარგებლოდ.

მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრებმა პორტუგალიას პენალტების სერიაში აჯობა. ტურნირის ორი ფავორიტის დაპირისპირება დაძაბული გამოდგა, თუმცა არც ისე სანახაობრივი.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმის დასაწყისში, როცა ჯერ ერთმა მეკარემ გაიბრწყინა, მერე მეორემ. თუმცა, 90 წუთი უგოლოდ რომ დასრულდა, ლოგიკური იყო. ვითარება არც დამატებით დროში შეცვლილა, მძიმე ფეხბურთი და ნულები ტაბლოზე.

მართლაც გასაოცარია, რომ საფრანგეთის ნაკრებს შეტევაში თამაში ასე უჭირს, სამაგიეროდ, დაცვაში დგას მაგრად, ერთადერთი გოლი აქვს გაშვებული, ისიც პენალტით რობერტ ლევანდოვსკისგან. ვერც პორტუგალია ბრწყინავდა შეტევაში, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. მეორე ტურში, თურქეთთან მატჩის 56-ე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ პორტუგალიამ ევროზე მეტოქის კარის ბადე ვერ შეარხია, ზედიზედ სამ მატჩში (საქართველოსთან, სლოვენიასა და საფრანგეთთან).

პენალტების სერიაში ალბათ, ყველა ისევ დიოგო კოშტას გმირობას ელოდა, რომელმაც მერვედფინალში სლოვენიასთან სამიდან სამი პენალტი აიღო. თუმცა, ახლა სხვაგვარად მოხდა - პორტუგალიელმა მეკარემ 5-დან ხუთივე პენალტი გაუშვა. საპასუხოდ, პორტუგალიის მხრიდან, ჟოაო ფელიქსმა ბურთი ძელს გაარტყა და ეს გადამწყვეტი გამოდგა.

ამრიგად, კრიშტიანუ რონალდუმ თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა ევროპის ჩემპიონატზე. მისთვის მე-6 კონტინენტის პირველობა კრიშტიანუმ უგოლოდ დაასრულა.

საფრანგეთი პირველი ნაკრებია, რომელიც დიდი ტურნირის ნახევარფინალში ისე გავიდა, რომ ღია თამაშიდან გოლი არ გაუტანია.

საფრანგეთის ნაკრები ევრო 2024-ის ნახევარფინალში 9 ივლისს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

პორტუგალია - საფრანგეთი 0:0 პენ: 3:5 (0:0)

ჰამბურგი, „ფოლკპარშტადიონი“

პორტუგალია (4-3-3): დიოგო კოშტა; კანსელუ (სემედუ 74), პეპე, რუბენ დიაში, მენდეში; ვიტინია (ნუნიეში 119), პალინია, ბრუნო ფერნანდეში (კონსეისაო 74); ბერნარდო სილვა, რონალდუ, ლეაუ (ჟოაო ფელიქსი 106)

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

საფრანგეთი (4-3-1-2): მენიო; კუნდე, უპამეკანო, სალიბა, ტეო ერნანდესი; კანტე, ჩუამენი, კამავინგა (ფოფანა 91); გრიზმანი (დემბელე 67); მბაპე (ბარკოლა 106), კოლო მუანი (ტურამი 86)

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

პენალტების სერია: 0:1 დემბელე, 1:1 რონალდუ, 1:2 ფოფანა, 2:2 ბერნარდო სილვა, 2:3 კუნდე, 2:3 ფელიქსი (ძელი), 2:4 ბარკოლა, 3:4 ნუნუ მენდეში, 3:5 ტეო ერნანდესი

გაფრთხილება: პალინია (79) - სალიბა (84)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 18 (5) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 11:3 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113544