გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ესპანეთის ნაკრებთან მარცხის (1:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს და მარცხს არ იმსახურებდნენ.
"ესპანეთს ვულოცავ ნახევარფინალში გასვლას. მე-60 წუთიდან აშკარად უკეთესი გუნდი ვიყავით, მეორე გოლზე კი, სამწუხაროდ, ფლანგზე პასიურად ვითამაშეთ.
ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ არ იმსახურებდნენ ტურნირიდან გავარდნას. ყველას გვენატრება ჩვენი ოჯახები, მაგრამ წასვლა არც ერთს სურდა. ყველა ფეხბურთელმა, ვინც ითამაშა, ყველაფერი გააკეთა მოსაგებად და ეს წაგება მტკივნეულია.
ტონი უნიკალური გერმანელი ფეხბურთელია, რა თქმა უნდა, გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია. ყველამ იცის მისი წარმატების შესახებ, მაგრამ ყველამ არ იცის მის ხასიათზე, ის გუნდს ესაუბრა, პირადად მისთვის ძალიან რთული მომენტია“, - თქვა ნაგელსმანმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა გერმანია დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.