ფეხბურთი

1:04 | 5.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგი თუ წავა, "მარსელისთვის" პრიორიტეტი მიქაუტაძე გახდება

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს ძალიან ბევრ გუნდს უკავშირებენ. არცაა გასაკვირი, სეზონის ისეთი მაგარი მეორე ნახევარი ჰქონდა, რასაც ევროპის ჩემპიონატზე ოთხ მატჩში 3 გოლი და 1 ასისტიც დაუმატა.

„ლიონი“, „მონაკო“, „ლანსი“, „ვესტ ჰემი“ და „მარსელი“ - ამ კლუბებს ყველაზე ხშირად ასახელებენ. როგორც ფრანგული მედია წერს, „მარსელს“ ჯერ არ დაუწყია ტრანსფერზე მუშაობა, მაგრამ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

კლუბის პრეზიდენტი პაბლო ლონგორია მზადაა ქართველ თავდამსხმელში ინვესტიცია განახორციელოს, მაგრამ მანამდე საჭიროა, რომ „მარსელი“ რომელიმე თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ან ფარის მუმბანამ დატოვოს.

განსაკუთრებით საყურადღებო ობამეიანგის სიტუაციაა, რომელიც ახლოსაა საუდის არაბეთში გადასვლასთან. გაბონელმა არაბეთიდან დიდი შეთავაზება მიიღო და თანახმაა კარიერა „ალ-შაბაბში“ გააგრძელოს. მისი აგენტი ტრანსფერის დახურვაზე უკვე მუშაობს.

„მარსელის“ ხელმძღვანელობა კი, უახლოეს დღეებში უნდა შეხვდეს ობამეიანგს მისი მომავლის გასარკვევად და თუ „არსენალის“ ყოფილი ფორვარდი წავა, მის შეცვლას მიქაუტაძით ეცდებიან. ამრიგად, მიქაუტაძის „მარსელში“ ტრანსფერი დიდწილად სწორედ ობამეიანგის მომავალზეა დამოკიდებული, მისი წასვლის შემთხვევაში გიორგი ზღვისპირელთა პრიოტიტეტი გახდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ამ დრომდე რჩება ევრო 2024-ის თანაბომბარდირად 3 გოლით. ის ცოტა ხნის წინ "მეცმა" "აიაქსიდან" 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115758