კალათბურთი

22:03 | 2.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ლატვიასთან 28 ქულით დამარცხდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი რიგაში, მასპინძელ ლატვიასთან ჩაატარა და ბრძოლის გარეშე დამარცხდა.

ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდს ტრავმის გამო კაპიტანი თორნიკე შენგელია გამოაკლდა, მის გარეშე კი, ნაკრებს, რომელსაც ისედაც პრობლემები აქვს კიდევ უფრო გაუჭირდა. აქვე შეგვიძლია ვახსენოთ, რომ ტრავმის გამო გიორგი შერმადინიც აკლდა გუნდს.

პირველ მეოთხედში შედარებით ბრძოლა იყო და ლატვიელებმა მხოლოდ ოთხქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ მეორე პერიოდი საქართველოს ნაკრებისთვის კოშმარული გამოდგა, რომელიც 17 ქულით წააგო და მატჩს ბედიც პირველ ტაიმში გადაწყდა.

მესამე პერიოდი ერთადერთი მონაკვეთი გამოდგა, რომელიც ქართველმა კალათბურთელებმა მოიგეს (17:13), მაგრამ ბოლო მეოთხედში ლუკა ბანკის გუნდმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.

საბოლოოდ, ლატვიამ მარტივად გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო 14 ქულით და 4 მოხსნით სანდრო მამუკელაშვილი იყო, 7 ქულა და 6 მოხსნა მიითალა გოგა ბითაძემ, ხოლო რატი ანდრონიკაშვილის აქტივში 6 ქულა იყო. დანარჩენებს 5 ქულაზე მეტი არ ჰქონიათ…

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს, რომელიც გადამწყვეტი იქნება შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, 4 ივლისს, თბილისის დროით 16:30 საათზე ფილიპინების ნაკრებთან ჩაატარებს.

საქართველო - ლატვია 55:83 (13:17, 11:28, 17:13, 14:25)

0.116396