ფეხბურთი

21:57 | 1.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბელგია ისევ ჩავარდა: საფრანგეთი მეოთხედფინალშია

საფრანგეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის მერვედფინალში მძიმე ბრძოლაში აჯობა ბელგიის ნაკრებს და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მერვედფინალურ ეტაპზე ეს ცენტრალური წყვილი იყო, ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა და თამაშიც ძალიან დაძაბული გამოვიდა. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ თამაშის ხარისხი ფანტასტიკური გამოდგა.

ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები, თუმცა, მეკარეები თამაშობდნენ კარგად, ხანაც შემტევებს სიზუსტე აკლდებოდათ. ყველაფერი ნულოვანი ფრისკენ და დამატებითი დროისკენ მიდიოდა.

თუმცა, საფრანგეთის ნაკრებმა ერთ მომენტში მაინც მოახერხა მეტოქის დაცვაში ხვრელის პოვნა, რითაც ისარგებლა. თუმცა, დიდიე დეშამის გუნდს გაუმართლა კიდეც, თორემ რანდალ კოლო მუანის დარტყმა დიდ საფრთხეს ნამდვილად არ წარმოადგენდა.

კოლო მუანის დარტყმის შემდეგ ბურთი იან ვერტონგენს მოხვდა, მიმართულება ისე შეიცვალა. რომ ბელგიელთა მეკარემ აბსოლუტურად ვერაფერი გააკეთა და გოლიც გავიდა. სწორედ ამ ავტოგოლმა გადაწყვიტა შეხვედრის ბედი.

ამგვარად, ბელგიის ნაკრები ისევ სერიოზული შედეგის გარეშე დარჩა, მერვედფინალი დიდი ვერაფერი მიღწევაა, ბელგიელთა ოქროს თაობაც ნელ-ნელა წარსულს ბარდება…

საფრანგეთის ნაკრები კი, მძიმე თამაშით, თუმცა მაინც მეოთხედფინალშია, სადაც პორტუგალიასა და სლოვენიას შორის უმჯობესს შეხვდება. მატჩი 5 ივლისს, ჰამბურგში გაიმართება.

საფრანგეთი - ბელგია 1:0 (0:0)

დიუსელდორფი, „მერკურ შპილ არენა“

საფრანგეთი (4-3-1-2): მენიო; კუნდე, უპამეკანო, სალიბა, ტეო ერნანდესი; კანტე, ჩუამენი, რაბიო; გრიზმანი; ტურამი (კოლო მუანი 62), მბაპე

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

ბელგია (4-3-3): კასტეელსი; კასტანი (დე კეტელარე 88), ფაესი, ვერტონგენი, თეატე; დე ბრუინი, ონანა, კარასკო (ლუკებაკიო 89); ოპენდა (მანგალა 63), ლუკაკუ, დოკუ

მწვრთნელი: დომენიკო ტედესკო

გოლები: 1:0 ვერტონგენი (85, ა.გ)

გაფრთხილება: ჩუამენი (15), გრიზმანი (23), რაბიო (24) - ვერტონგენი (76), ტედესკო (77), მანგალა (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 20 (2) – 5 (3) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: გლენ ნიუბერგი (შვედეთი)

0.123118