ესპანური გამოცემა AS-ი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ „მეცმა“ „აიაქსიდან“ გიორგი მიქაუტაძე 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა. როგორც ესპანური გაზეთი წერს, ევრო 2024-ის ბომბარდირში ეს თანხა სასაცილოა.
“გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი სენსაციაა. ქართველმა თავდამსხმელმა საქართველოს ნაკრების ისტორია არა მხოლოდ დიდ ტურნირზე პირველი გოლით დაწერა, არამედ მიუხედავად ესპანეთთან მარცხისა, 3 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად რჩება.
ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს გავარდნიდან მეორე დღესვე “აიაქსმა” ფორვარდი “მეცს” სასაცილო ფასად - 13 მილიონ ევროდ მიყიდა. მიქაუტაძემ შესანიშნავი ტურნირით ბევრი გუნდის ინტერესი გამოიწვია. “მეცმა” სწრაფად გამოიყენა “აიაქსიდან” გამოსყიდვის ვარიანტი, რომელზეც კლუბები გასულ ზამთარს შეთანხმდნენ. თავდამსხმელი, რომელსაც ბენზემას ადარებენ და ორივე ლიონშია დაბადებული, ფრანგულ გუნდში 22 მატჩში გატანილი 14 გოლით გასულ სეზონში ბომბარდირი იყო. შესანიშნავი სერია მან ევრო 2024-ზეც შეინარჩუნა.
გასულ ზაფხულს ამსტერდამელებმა “მეცს” 16 მილიონი ევრო გადაუხადეს და ახლა ეს ალბათ ნიდერლანდელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტრანსფერია და ფენომენალური გარიგებაა “მეცისთვის”, რომელსაც ახლა შეუძლია სარფიანი შეთავაზებები მიიღოს ქართველზე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საკუთარი თავი გადააფასა”, - წერს ესპანური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ევრო 2024-ზე ჩატარებულ ოთხ მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. 23 წლის ქართველს ყველაზე მეტად „მონაკოს“ უკავშირებენ, მაგრამ ასევე „ლიონს“, „მარსელს“, „ლანსს“ და „ვესტ ჰემს“.