ფეხბურთი

3:00 | 1.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "ეს ყველაფერი დასასრული არაა, უფრო ძლიერები დავბრუნდებით"

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთთან მატჩის (1:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს ყველაფერი დასასრული არ არის და უფრო ძლიერები დაბრუნდებიან.

„მართლაც ამაყები უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ საქართველოს ვაჩუქეთ ასეთი ტურნირი, ცოტა ხნის წინ ვერც წარმოვიდგენდით, რომ მერვედფინალში გავიდოდით. ესპანეთი ჩემი აზრით ამ ტურნირს მოიგებს და სამწუხაროა, რომ თამაში მათ წინააღმდეგ მოგვიწია. ეს ყველაფერი დასასრული არაა, დარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერები დავბრუნდებით, ქართველ გულშემატკივარს მოვუწოდებ, რომ ჩვენი ირწმუნონ და მათ აუცილებლად გავახარებთ.

მადლობა იმ ხალხს, ვინც დღეს მთელი თამაშის განმავლობაში არ გაჩერებულა, მართლა თბილისში მეგონა თავი, სასწაული ატმოსფერო შექმნეს. მათ დაიმსახურეს დღეს, სადაც ვიყავით. სამწუხაროდ არ გამოვიდა შემდეგ ეტაპზე გასვლა, რადგან ესპანეთი ძალიან რთული მეტოქეა. ჩემი აზრით, მათ ამ ჩემპიონატის მოგება ძალიან მშვიდად და წყნარად შეუძლიათ.

ჩემი აზრით, მთელ ქვეყანას ამ ჩემპიონატმა დიდი რაღაც უნდა მოგვცეს, რადგან ყველამ დავინახეთ, როგორ უყვართ საქართველოში ფეხბურთს და რა შეუძლია ფეხბურთს, იმიტომ, რომ ამ დღეებში მთელი საქართველო ფეხბურთის გარშემო იყო გაერთიანებული.

ესპანელ ჟურნალისტებთანაც ვთქვი, რომ 100%-იანი თამაშგარე იყო, რადგან მორატა ხელს მიშლიდა, მარჯვნივ გადავედი სწორედ ამიტომ და როდრიმ მარცხნივ გაიტანა. თამაშგარე იყო, რომ არა ეს გოლი, მეორე ტაიმში სხვანაირად ვითამაშებდით. შეიძლება მაინც წაგვეგო, მაგრამ პირველი გოლი მაინც სულ სხვაა. არ შემეძლო გაპროტესტება, რადგან უეფამ გაგვაფრთხილა, რომ კაპიტნის გარდა მსაჯთან პროტესტი არ შეიძლებოდა. მსაჯმაც მგონი შეამოწმა, მაგრამ სანახავად არ წავიდა, ჩემთვის ეს უცნაურია, მაგრამ ფეხბურთია და ხდება“, - აღნიშნა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებით ჩაატარა და ისტორია დაწერა.

ვილი სანიოლის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან წააგო (1:3), შემდეგ ჩეხეთს დაუზავდა (1:1), მერე იყო პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება (2:0), ხოლო მერვედფინალში ესპანეთის წინააღმდეგ მარცხი განიცადა (1:4).

გიორგი მიქაუტაძემ 3 გოლი გაიტანა, ხვიჩა კვარაცხელიამ 1, ერთი გოლიც ესპანელმა რობინ ლე ნორმანმა ჩვენს სასარგებლოდ მიითვალა. ევრო 2024 სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ამას ესპანეთის ნაკრებთან წაგება ნამდვილად ვერაფერს დააკლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113682