საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „პირველ არხთან“ ესპანეთთან მატჩის (1:4) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ასეთ დიდ ტურნირებზე ხშირად უნდა გავიდნენ, რადგან საქართველო ამას იმსახურებს.
„დადებითად შევაფასებ, რადგან მართლა ისტორია დავწერეთ. ასეთ ძლიერ მეტოქესთან ბოლომდე ვიბრძოლეთ, პირველი ტაიმის ბოლოს გოლი რომ არ გაგვეშვა, უკეთესი იქნებოდა. ჩემი აზრით, გოლი არ იყო ჩასათვლელი, მამარდას ფორვარდი ხელს უშლიდნენ. ყველამ კარგად ვითამაშეთ, ისევ უნდა მოვხვდეთ ასეთ დიდ ტურნირზე, რადგან ამას ვიმსახურებთ. მადლობა გულშემატკივრებს, ამდენ ხალხს მართლა არ ველოდით. ასე ერთიანად და გვერდში დგომით ყველაფერს მივაღწევთ. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, მათ შორის, ვინც საქართველოდან გვგულშემატკივრობდა“, - თქვა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებით ჩაატარა და ისტორია დაწერა.
ვილი სანიოლის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან წააგო (1:3), შემდეგ ჩეხეთს დაუზავდა (1:1), მერე იყო პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება (2:0), ხოლო მერვედფინალში ესპანეთის წინააღმდეგ მარცხი განიცადა (1:4).
გიორგი მიქაუტაძემ 3 გოლი გაიტანა, ხვიჩა კვარაცხელიამ 1, ერთი გოლიც ესპანელმა რობინ ლე ნორმანმა ჩვენს სასარგებლოდ მიითვალა. ევრო 2024 სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ამას ესპანეთის ნაკრებთან წაგება ნამდვილად ვერაფერს დააკლებს.