ფეხბურთი

1:25 | 1.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ეს საოცარი თავგადასავალი იყო, ამ გუნდით ვამაყობ"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ესპანეთთან მატჩის (1:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ამაყობს ამ გუნდით და ეს საოცარი თავგადასავალი იყო.

"ძალიან მეამაყება, რომ ასეთი ბიჭების გვერდით ვთამაშობთ. ჩემი აზრით, ძალიან კარგი ჩემპიონატი ჩავატარეთ, განსაკუთრებით ჯგუფური ეტაპი, ჩვენთვის ძალიან კარგი თავგადასავალი გამოვიდა, ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის. ქვეყანაში ძალიან მაგარი საფეხბურთო ენერგიაა და ძალიან მიხარია, რომ ასეთი სიტუაციაა, მიხარია, ამდენ გახარებულ ქართველს რომ ვხედავთ.

პირველ ტაიმში გეგმას მივყევით და ძალიან კარგად გავართვით თავი ჩვენს სათამაშო გეგმას, მეორე ტაიმში სამწუხაროდ, კიტეიშვილის დამტვრევის შემდეგ თამაშის ხარისხი საერთოდ შეიცვალა. კიტე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და დაგვაკლდა. ესპანეთს ისეთი კლასის ფეხბურთელები ჰყავს, რომ ვგრძნობდით ჩვენზე უკეთ თამაშობდნენ. ვიცოდი, რომ რთული თამაში იქნებოდა, რადგან ესპანეთი ალბათ ჩემს კარიერაში ყველაზე რთული მეტოქეა.

ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავედით და ჩვენთვის საოცარი თავგადასავალი იყო. ძალიან ვამაყობთ, რაც გავაკეთეთ და დიახ, დღევანდელი თამაშითაც. ძალიან კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, მაგრამ მეორე ნახევარი განსვავებული გამოდგა და სამწუხაროდ დავმარცხდით. გულშემატკივარი განიცდიდა და ჩვენ ვხედავთ, როგორ განიცდიდნენ. ნამდვილად გვიხარია, თუ როგორ წარმოვადგინეთ ჩვენი ქვეყანა. ამ გუნდით ძალიან ვამაყობ.

ძალიან ვამაყობ, რომ ამ ბიჭების კაპიტანი ვარ, ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ასეთ ფეხბურთელებთან მიწევს თამაში. თითქმის შეუძლებელი შევძელით. ძალიან გახარებული ვარ, რომ მართლა ზღაპრის ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი.

ჩემი მომავალი ნაკრებში? ალბათ დრო დამჭირდება, რომ ყველაფერი გადავხარშო და დავალაგო ჩემს გონებაში. დაცლილელები ვართ ემოციებისგან. ეს ყველაფერი დიდი ემოცია იყო. ჯერ კიდევ არის დრო, რომ მოვიფიქრო, დაველაპარაკები ფედერაციის ხელმძღვანელობას. თავს ფიზიკურად კარგად ვგრძნობ, ბავშვივით მიხარია თამაში, გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ", - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებით ჩაატარა და ისტორია დაწერა.

ვილი სანიოლის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან წააგო (1:3), შემდეგ ჩეხეთს დაუზავდა (1:1), მერე იყო პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება (2:0), ხოლო მერვედფინალში ესპანეთის წინააღმდეგ მარცხი განიცადა (1:4).

გიორგი მიქაუტაძემ 3 გოლი გაიტანა, ხვიჩა კვარაცხელიამ 1, ერთი გოლიც ესპანელმა რობინ ლე ნორმანმა ჩვენს სასარგებლოდ მიითვალა. ევრო 2024 სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ამას ესპანეთის ნაკრებთან წაგება ნამდვილად ვერაფერს დააკლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110779