ფეხბურთი

15:40 | 30.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილი: "საქართველო წმინდაა, მას ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანურ გამოცემა lavozdegalicia-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც ძალიან საინტერესო გამოვიდა.

ქართველმა ფეხბურთელმა არა მარტო საფეხბურთო თემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველებმა ბრძოლით შეინარჩუნეს რელიგია, ენა და საკუთარი მიწები.

- როგორია შენს ქვეყანაში ცხოვრება?

- საქართველო საოცარი ადგილია. პრობლემები, რა თქმა უნდა, გვაქვს, მაგრამ მშვენიერი ხალხი ცხოვრობს, მოსიყვარულე და შრომისმოყვარე. ჩვენმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ კარგი ცხოვრება გვქონდეს, ყოველთვის თავმდაბლობით და პატივისცემით გაგვზარდეს. საუკეთესო განათლება მოგვცეს, რომ კარგი ადამიანები ვიყოთ. ფეხბურთის თამაში ჯერ მშობლიური ქალაქის გუნდში დავიწყე თამაში, შემდეგ საბურთალოს და დინამოს აკადემიაში წავედი, 2013 წელს საბურთალოში დავბრუნდი. 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე და 18 წლის ასაკში „ჟირონაში“ წავედი. ძნელია საქართველოდან სამუშაოდ წასვლა, თუ სრულწლოვანი არ ხარ, ვიზა მხოლოდ იმ შემთხვევაში გეძლევა, თუ 18 წელზე მეტის ხარ.

- რატომ არიან ქართველები ასეთი პატრიოტები?

- ქართველებს გვიყვარს დიდ რამეებზე ოცნებაა. ჩვენთვის საქართველო წმინდაა, მის დაცვას სისხლის ბოლო წვეთამდე ვაპირებთ, რადგან ის ჩვენს გულშია. პატარა ქვეყანა ვართ, რომელმაც ომი გამოიარა, მაგრამ გვაქვს ენა, დამწერლობა. ბევრი რამ შევინარჩუნებთ ჩვენი დამოკიდებულების გამო. გვიყვარს ბრძოლა და დიდი სიამაყე გვაქვს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რაც გვიყვარს, ვფიქრობთ მშობლებზე, შვილებზე, მთელ ოჯახზე. გავიზარდეთ თავისუფალ ქვეყანაში, სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ ჩვენი ქვეყნის დასაცავად ხალხი დაიღუპა და მათ შეძლეს ჩვენი რელიგიის, ენის და მიწების შენარჩუნება. ამ ძალის, ბრძოლის და გულის გრძნობის გადმოცემას ვცდილობთ მოედანზე.

- რას გეუბნებიან ახლობლები?

- ჩვენით ამაყობენ, მაგრამ ეიფორია უკვე ჩაწყნარდა. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, რადგან ვიცით, სად მივედით, მაგრამ ასევე ვიცით, როგორ მივედით. ბევრი ფიქრობს, რომ საქართველო სიურპრიზია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ვიცნობ თანაგუნდელებს და ბევრი ვიმუშავეთ. ამის უკან ბევრი მუშაობა დგას, რომელიც არ ჩანს. ვაპირებთ გავაგრძელოთ ბრძოლა, რათა ჩვენმა ოჯახებმა ჩვენით ისევ იამაყონ და ისეთი ბედნიერება კიდევ განვიცადოთ, როგორიც პორტუგალიასთან.

- შეგიძლიათ ესპანეთის დამარცხება?

- შეუძლებელი არაფერია, უბრალოდ უნდა გჯეროდეს. საკუთარი თავის დიდი რწმენა გვაქვს, არ ვაპირებთ მხოლოდ შედეგზე ფიქრს, რადგან ეს იმედგაცრუებას იწვევს. წუთიდან წუთამდე უნდა ვიფიქროთ, წამიდან წამამდე, დუელიდან დუელში და თუ საქმეს კარგად გავაკეთებთ, მჯერა, რომ შედეგი მოვა.

- ესპანეთმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 7:1 და 3:1 დაგამარცხათ...

- ყოველთვის შეცდომაა, როცა ადამიანი წარსულზე ფიქრობს. წარსული, წარსულია, მაგრამ არ ვიცით, რა იქნება მომავალში. რეალობა ისაა, რომ ახალი თამაშია, ევროპის ჩემპიონატზე, აქ იმიტომ ვართ, რომ ჩვენი დონე კიდევ უფრო გაიზარდოს და ბევრად უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ, თუნდაც 6 თვის ან 5 დღის წინ. სისულელე იქნებოდა იმ მატჩების ამ საღამოს თამაშთან შედარება.

- რას ნიშნავს შენთვის ვილი სანიოლი?

- ძალიან დამეხმარა. უპირველეს ყოვლისა მენტალურ დონეზე, თავდაჯერება და რწმენა მოგვცა. ის თამაშობდა მაღალ დონეზე, როგორც ფეხბურთელი და მენტალურად სხვებზე უკეთ გადმოგვცემს რას ნიშნავს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში თამაში. ძალიან გაგვიმართლა, რომ ის ჩვენი მწვრთნელია.

- „ჟირონაში“, „კასტელონში“ გითამაშიათ, ახლა კი, „ლევანტეში“ ხართ, მეორე დივიზიონში. ევროპის ჩემპიონატზე თქვენი თამაშიდან გამომდინარე შეიძლება მომდევნო სეზონში დიდი ნახტომი გააკეთოთ...

- 18 წლიდან ესპანეთში თამაშმა ბევრი რამ მასწავლა, პირადად და პროფესიულად. აქ ბევრ რამეს სწავლობ, „ჟირონაში“ რომ წავედი, ესპანური არ ვიცოდი და ფეხბურთმა მასწავლა სოციალიზაცია, უკეთესი ადამიანი გამხადა, ესპანეთიც შემიყვარდა და ესპანური ენაც.

- მაგრამ არ მიპასუხეთ, „ლევანტეში“ დარჩებით?

- როდესაც ბავშვი ხარ, ყოველთვის დიდ გუნდში თამაშზე ფიქრობ. ყველა იმ გუნდის წყალობით, სადაც მითამაშია, ვარ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც დღეს ვარ. „ლევანტეს“ ძალიან მადლიერი ვარ, ვხედავ ფანების სიყვარულს. ძალიან დიდ ძალას მაძლევენ, მაგრამ ახლა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ვფიქრობ, ვნახოთ, მომავალში რა მოხდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილს საქართველოს ნაკრებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული. მან ცოტა ხნის წინ „ლევანტესთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117556