ფეხბურთი

1:59 | 1.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლა ფუენტე: "საქართველო სწრაფ კონტრშეტევებში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა შეიძლებოდა 8:1 მოგვეგო"

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ევრო 2024-ის მერვედფინალში, საქართველოს ნაკრებთან მატჩის (1:4) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები კონტრშეტევებიდან სახიფათო იყო, გოლმა თავიდან დაგვაბნია, მაგრამ შემდეგ ბევრი მომენტი შევქმენით და 8:1-იც შეიძლებოდა მოგვეგო. თამაშს ვაკონტროლებდით, ბევრი მომენტი შევქმენით. ეს მოგება დასაფასებელია, რადგან კარგი მეტოქე გვყავდა.

ფეხბურთი ასეთია, ზოგჯერ ჩამორჩები ანგარიშში, ზოგჯერ წინ გახვალ, ყველაფერს ვერ გააკონტროლებ. ჩვენ უფრო ცივი გონებით უნდა მივუდგეთ თამაშს, ალბათ, ცივმა ოფლმაც დაგვასხა გოლის გაშვების შემდეგ, მაგრამ შევძელით თამაშის გაკონტროლება. ყველა სიტუაცია გვეხმარება, რომ უკეთესები გავხდეთ, რადგან ყველაფრისგან ვსწავლობთ. ვიცით, როგორია ფეხბურთი და ეს გამოცდილებაა, ჩვენ ნებისმიერი ტიპის გარემოებისთვის მზად ვართ. თამაშში არის განსხვავებული მომენტები, თუ გააკონტროლებ ემოციას ყველა სიტუაციაში, ეს ნამდვილად კარგ შედეგს მოგიტანს. იმედი გვაქვს, რომ ტურნირზე კიდევ სამ მატჩს ჩავატარებთ, ჩვენ ახლა ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის ვართ, ზოგჯერ შეიძლება დინების წინააღმდეგ ბრძოლა მოგიწიოს და ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ ეს შეუძლია. ვიცით, რომ ყველა თამაში რთული იქნება. გერმანიასთან შეიძლებოდა ფინალი ყოფილიყო, არა მარტო ევროპის, არამედ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალიც, ასე რომ, ნამდვილად ძლიერ გუნდს დავუპირისპირდებით.

თამაშს სრულად ვაკონტროლებდით, მომენტებს მუდმივად ვქმნიდით. ვიცოდით, რომ მეტოქის საუკეთესო იარაღი კონტრშეტევა იქნებოდა და გოლიც ასე გავუშვით. რამდენიმე წუთი დაგვჭირდა გონზე მოსასვლელად, შემდეგ ძალები მოვიკრიბეთ და ცოტა უფრო ცივი გონებით გავაგრძელეთ თამაში. როდრი მოედნის ცენტრში კომპიუტერია, რომელიც ძალიან დაგვეხმარა. საქართველოს გოლის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ დამშვიდებულიყვნენ, ვიცოდით მათი პოტენციალის შესახებ, სწრაფი კონტრშეტევების მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. რამდენიმე წუთი დაგვჭირდა კონტროლის მოსაპოვებლად, თუმცა ვიცოდით, რომ აქ სასეირნოდ არ ვიყავით, გვექნებოდა სირთულეები. პირველ ტაიმში ბევრი ვიმუშავეთ.

ყველა გუნდს გააჩნია ნაკლი, არც ერთია იდეალური, ჩვენც გვაქვს ნაკლი. გერმანიას შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, ძალიან ორგანიზებული გუნდია, მაღალი დონის დისციპლინა აქვთ, გერმანული ფეხბურთის მანქანაა, მაგრამ მათ წინააღმდეგ იქნება მსგავსი გუნდი, მოგებაზე ორიენტირებული, ამბიციური და ვფიქრობ, ძალიან თანაბარი თამაში იქნება. ამ დონეზე პატარა დეტალები მნიშვნელოვანია, რომელმაც შეიძლება თამაშის ბედი გადაწყვიტოს. უნდა განვაგრძოთ ასე მუშაობა, უნდა მოვუმატოთ.

როდრი არის ყველაფრის ღერძი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ის ყველა ფეხბურთელთან კონტაქტობს და ჩემი გზავნილის გადაცემა შეუძლია მათთვის. მან ზუსტად იცოდა მე რა მინდოდა სხვა ფეხბურთელებისგანაც და დიდი პრივილეგიაა, რომ როდრი გვყავს და მასზე დაყრდნობა შეგვიძლია“, - თქვა დე ლა ფუენტემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებით ჩაატარა და ისტორია დაწერა.

ვილი სანიოლის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან წააგო (1:3), შემდეგ ჩეხეთს დაუზავდა (1:1), მერე იყო პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება (2:0), ხოლო მერვედფინალში ესპანეთის წინააღმდეგ მარცხი განიცადა (1:4).

გიორგი მიქაუტაძემ 3 გოლი გაიტანა, ხვიჩა კვარაცხელიამ 1, ერთი გოლიც ესპანელმა რობინ ლე ნორმანმა ჩვენს სასარგებლოდ მიითვალა. ევრო 2024 სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ამას ესპანეთის ნაკრებთან წაგება ნამდვილად ვერაფერს დააკლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111878