ფეხბურთი

16:38 | 29.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ჩემი და ქართველი ფეხბურთელების მენტალიტეტი ერთმანეთს კარგად ერწყმის"

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის წინ კიოლნის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების შეკითხვებს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა.

„პორტუგალიასთან მოგება ჩვენთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო, რადგან ეს შედეგი არ იყო მოსალოდნელი და ძალიან გვიხარია, რომ ახლა აქ ვართ. ენერგიის აღსადგენად ოთხი დღე გვქონდა, კარგი იქნებოდა, ორი დღით მეტი, მაგრამ არ მგონია, ეს პრობლემა იყოს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა ძალები უკვე აღიდგინეს, ისინი მოუთმენლად ელიან ხვალ მოედანზე გასვლას.

ესპანეთთან 1:7 წაგებაზე დიდად ვერაფერს ვიტყვი, ეს ჩვენთვის რთული მომენტი იყო, მაგრამ ცხოვრებაში ზოგჯერ ასეთი რაღაც საჭიროა, რადგან წინ სიარულისთვის სირთულეები გჭირდება, დიდ მიზნებს ისე ვერ მიაღწევ, ეს კარგი გაკვეთილი იყო, რომლისგან ვისწავლეთ. ესპანეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ, ბოლო სამ წელში ოთხჯერ ვეთამაშეთ, ოთხჯერვე წავაგეთ, მაგრამ ხვალ განსხვავებული თამაშია.

ესპანეთს ჯგუფში გოლიც არ გაუშვია და საუკეთესო გუნდი იყო ჯგუფურ ეტაპზე. რთული მატჩი იქნება, მაგრამ როგორც ვთქვით, მათთან ოთხი წაგების მიუხედავად, ახლა სხვა თამაშია, სხვა გარემოთი, სხვა ატმოსფეროა და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

გუნდის ატმოსფერო? ადვილი იქნება იმის თქმა, რომ ეს ბოლოდროინდელი კარგი შედეგების დამსახურებაა, მაგრამ როცა საქართველოში ჩამოვედი, ამ ქვეყანაზე არაფერი ვიცოდი, მხოლოდ რამდენიმე ქართველს ვიცნობდი. რაღაც დრო დამჭირდა, მაგრამ ვიცოდი, რომ განსხვავებული მენტალობა გვქონდა, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ ვიპოვე ჩემი პოზიცია საქართველოში, სადაც როცა ჩავდივარ, ბედნიერი ვარ. ესეც გზის ნაწილია, რადგან თუ ბედნიერი არ ხარ იმ ქვეყანაში, სადაც მუშაობ, საქმეს კარგად ვერ გააკეთებ.

ფეხბურთელებს ყოველდღე ვერ ეტყვი, რომ თავისუფლად ითამაშონ, გარისკონ, ესა თუ ის რაღაც გააკეთონ. ამ ეტაპზე უბრალოდ სხვანაირი მიდგომაა საჭირო. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, იციან, როგორ ვმუშაობ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ დაცვას და უკანა ხაზში დისციპლინით თამაშს, მაგრამ როცა ბურთი აქვთ, ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, აქვთ თავისუფლება, რადგან ფეხბურთი არაა მათემატიკა და ჭადრაკი, უნდა ითამაშო გამოცდილების გამოყენებით, გრძნობებით, რადგან ფეხბურთი ემოციური თამაშია და ქართველებიც ემოციურები არიან, ეს შეესაბამება ქართულ ხასიათს, პორტუგალიასთან ამ თვალსაზრისით ბევრი რამ ძალიან კარგად იყო.

მოტივაციისთვის მე არ ვარ საჭირო, აქ ყოფნა უკვე მოტივაციაა და სხვა სიტყვები საჭირო არაა. ალბათ, მათ ჩემგან მენტალიტეტი სჭირდებათ, რომ ზოგჯერ დავამშვიდო, რადგან ქართველი ფეხბურთელები ძალიან ემოციურები არიან, ჩვენს შორის კი, კარგი ბალანსი იქმნება. ჩვენი მენტალიტეტები ერთმანეთს ერწყმის და ამიტომ, მუშაობას დაბალანსებულად ვახერხებთ.

როგორც პორტუგალია, ესპანეთიც დიდი გუნდია, მაგრამ მხოლოდ დაცვაში თამაშზე ვერ ვიფიქრებთ, ასე არაფერი გამოვა. გვინდა ესპანეთს და ევროპას ვაჩვენოთ, რომ მხოლოდ დაცვაში თამაში არ შეგვიძლია და ბურთის სწორად გამოყენების უნარიც გვაქვს. პორტუგალიასთან ეს ვაჩვენეთ და ხვალაც იმავეს ვეცდებით.

ესპანეთს სახიფათო მომენტების შექმნა ყველა ზონიდან შეუძლია. ნიკო უილიამსი და იამალი საოცარი ფეხბურთელები არიან, 16 წლის როცა ვიყავი, ძალიან შორს ვიყავი დღევანდელი იამალისგან. ბოლო 15 წელი მესისა და რონალდუს შორის ბრძოლა იყო და კარგია, რომ ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ. ზოგადად, ესპანეთს ყველა რგოლში დიდებული ფეხბურთელები ჰყავს და გუნდურადაც ძალიან ძლიერია, თუმცა, ვფიქრობ, ჯგუფურ ეტაპზე საქართველომაც კარგი რაღაცები აჩვენა.

გადაწყვეტილებების მიღება ჩემი საქმის ერთ-ერთი ნაწილი და ვალდებულებაცაა. რასაც ვხედავ და ვგრძნობ, იმის მიხედვით ვიღებ გადაწყვეტილებას და მიხარია, თუ ეს გუნდს ეხმარება. ზოგჯერ ადვილი არ არის, მაგრამ ფეხბურთელებიც მპასუხობენ. ხვალ ახალი მატჩია და ახალი გადაწყვეტილებები იქნება, ვნახოთ, ეს რას მოგვიტანს. თავდაჯერებული ვართ, რადგან დასაკარგი არაფერი გვაქვს, ჩვენ ეს ჩემპიონატი უკვე მოვიგეთ, უბრალოდ ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მოვისმენთ ამ ტურნირზე საქართველოს ჰიმნს და ისევ ვითამაშებთ“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100807