საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიაში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოსამზადებელი მესამე ამხანაგური მატჩი ეგვიპტის ნაკრებთან ჩაატარა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 78:46 დაამარცხა.
ჩვენს გუნდში საუკეთესო 16 ქულით და 9 მოხსნით გიორგი კორსანტია იყო, რომელმაც თორნიკე შენგელიას უთამაშებლობის გამო შედარებით დიდი სათამაშო დრო მიიღო. 13 ქულა ჩააგდო გოგა ბითაძემ, 9 ქულით, 9 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა მატჩი სანდრო მამუკელაშვილმა. ასევე 9 ქულა ჰქონდა ჯო ტომასონს.
გუნდების შეთანხმებით, დღევანდელი მატჩი მედიისთვის დახურული იყო. საქართველოს ნაკრებმა ამ შეხვედრით ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ჩანიშნული ამხანაგური შეხვედრები დაასრულა. ჩვენმა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი იტალიასთან გამართა და მეტოქესთან 68:79 დამარცხდა, მეორე შეხვედრაში კი უკვე კამერუნის ნაკრებთან, 66:67 განიცადა მარცხი.
ახლა უკვე ნაკრები რიგაში გადაინაცვლებს და იქ გააგრძელებს ოფიციალური მატჩებისთვის მზადებას. ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს ნაკრები 2 და 4 ივლისს მასპინძელ ლატვიას და ფილიპინებს დაუპირისპირდება.