საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან მატჩისთვის მზადებას ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე აგრძელებს, დღეს კი მედიასთან კომენტარი გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა:
„ჩემი აზრით, ესპანეთის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. საქართველო პატარა ქვეყანაა დიდი გულით და ჩვენ ბრძოლის მეტი არაფერი დაგვრჩენია. ვნახოთ, რა მოხდება. უნდა ვისიამოვნოთ თამაშით. იმ მატჩში კი, როდესაც 1:7 წავაგეთ, ვფიქრობ, უბრალოდ არ გაგვიმართლა.
ესპანეთის ნაკრები საფრთხეს ყველა ასპექტში წარმოადგენს. იამალი ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა, გოლების გატანაც შეუძლია და საგოლე გადაცემების შესრულებაც. მათ ასევე ჩემი აზრით, გასული სეზონის ლა ლიგის საუკეთესო მეკარე ჰყავთ.
ესპანეთთან მატჩში დაცვაში საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ და კონტრშეტევებზე სწრაფად გადავიდეთ. შეტევაში ძალიან სწრაფი და ტექნიკური მოთამაშეები გვყავს. კვარაცხელია მთელს ესპანეთს ჯობია (იცინის რედ.), მიქაუტაძე კი ძალიან კარგი მოთამაშეა და ის მალე დიდ გუნდში გადავა.
წლების განმავლობაში ვემზადებოდი ამ დონემდე მოსასვლელად და კვლავ ასე ვაპირებ გაგრძელებას. ჩემი საუკეთესო მოგერიება პორტუგალიასთან მატჩში დიეგო დალოს დარტყმულის დროს იყო, თუმცა ის გოლი რომც გასულიყო არ ჩაითვლებოდა. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ის ზეგ საღამოს გადაწყდება.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე კიოლნში გაიმართება.