ფეხბურთი

5:51 | 27.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია: "რონალდუს სიტყვები ჩემთვის დიდი მუხტი იყო, დავამტკიცეთ, რომ არავისზე ნაკლები ვართ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია პორტუგალიასთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩემი აზრით, დღეს საუკეთესო არავინ იყო, ყველამ ძალიან კარგად ითამაშა და ეს გუნდური გამარჯვებაა. დავამტკიცეთ, რომ ყველა გუნდთან შეიძლება თამაში. ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ მოედანზე მოსაგებად გავდივართ. ახლა ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ ხვალიდან უკვე მომდევნო მატჩზე ვიქნებით კონცენტრირებული“.

რონალდუს მაისურიც მაქვს, მოვიგეთ და ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ, დღეს ალბათ, ყველაზე ცოცხალი დღეა საქართველოსთვის. როცა არსებობს რწმენა, არის 1% შანსი, ყველაფერი შეიძლება და დავამტკიცეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ყველაფერი შეუძლია.

გულშემატკივრებმა ძალიან დიდი მუხტი მოგვცეს, ამდენი ხალხი ჩამოვიდა გერმანიაში საგულშემატკივროდ. თითოეულ მათგანს დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, მათაც, ვინც საქართველოშია. დავამტკიცეთ, რომ არავისზე ნაკლები არ ვართ და კიდევ გვაქვს შანსი, რომ ერთიანობით წინ ვიაროთ. სწორედ ამაშია ჩვენი სიძლიერე, ყველას ვანახეთ, რომ ერთად ძალიან ძლიერები ვართ.

თამაშის დაწყებამდე რონალდუმ წარმატებები მისურვა, ეს ჩემთვის დიდი მუხტი იყო, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემთან მოვიდოდა და ამას მეტყოდა. ის ძალიან კარგი ადამიანია, ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, მისგან ბევრს ვსწავლობთ. როცა წარმატებებს გისურვებს, ეს ამაღელვებელია და მაშინ მივხვდი, რომ დღეს ყველაფრის გაკეთება შესაძლებელი იყო.

„ნაპოლიში“ მოგებული სკუდეტო ჩემს ცხოვრებაში ძალიან დასამახსოვრებელი იყო, მაგრამ დღეს ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დღეა. შენი ნაკრების მაისურით თამაში საამაყოა, თანაც, ამის გაკეთება საქართველოს ნაკრებთან ერთად უფრო რთული იყო, ვიდრე „ნაპოლიში". როცა კარიერას ვიწყებდი, ნაკრებში თამაში ჩემი ოცნება იყო და დღეს ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ვართ.

ესპანეთს დიდ პატივს ვცემთ, ბევრჯერ ვითამაშეთ ერთმანეთთან, საკმაოდ კარგადაც, კარგად ვიცნობთ. ჩემი აზრით, ესპანეთიც პორტუგალიის მსგავსად ფავორიტია, მაგრამ დღეს დავამტკიცეთ, რომ ყველასთან შეიძლება თამაში. მეტოქეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ევროპის ჩემპიონატზე არ არსებობს მარტივი მეტოქე. ყველაფერს გავაკეთებთ, ყველას წინააღმდეგ საბრძოლველად და მოსაგებად გავალთ.

პირადად ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა შენი ქვეყნის სახელს წარმოადგენ. ფეხბურთელები ძალიან ბედნიერები ვართ, რომ კიდევ ერთხელ გავახარეთ ქართველი ხალხი. ალბათ, ციფრი 26 ისტორიაში უნდა შევიტანოთ, დღესაც ახალი ისტორია გადავწერეთ. არ მინახავს ჯერ რა ხდება თბილისში, მაგრამ წარმოდგენა მაქვს, თუ რა ხდება იქ და დიდი მადლობა მათ“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში 30 ივნისს, ესპანეთს შეხვდება, მატჩი კიოლნში გაიმართება.

WORLDSPORT.GE გელზენკირხენიდან

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111539