ფეხბურთი

22:08 | 26.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

E ჯგუფში ყველამ 4 ქულა დააგროვა და 1/8 ფინალის გარეშე უკრაინა დარჩა

ევრო 2024-ზე დღევანდელი დღის პირველი მატჩები E ჯგუფში გაიმართა, სადაც ყველა გუნდმა 4 ქულა დააგროვა, შესაბამისად, რუმინეთი პირველ, ბელგია მეორე და სლოვაკეთი მესამე ადგილზე გავიდნენ და 1/8 ფინალში გააგრძელებენ ბრძოლას.

შტუტგარტში ერთმანეთს უკრაინისა და ბელგიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრის პირველი ნახევარი შედარებით თანაბრად წარიმართა, გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს და შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ. მეორე ტაიმი ბელგიელთა მცირე უპირატესობით დაიწყო. 70 წუთის შემდეგ უკრაინაც გააქტიურდა და ორივე კართან მომენტებიც შეიქმნა, თუმცა სერგეი რებროვის გუნდმა ვერაფრით შეძლო გოლის გატანა და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.



უკრაინის ნაკრები პარალელური მატჩის გათვალისწინებით, ახალი ფორმატის ფარგლებში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც 1/8 ფინალის საგზური 4 ქულით ვერ მოიპოვა და ბოლო ადგილზე გავიდა. ბელგიის ნაკრებმა +1 ბურთების სხვაობით მე-2 პოზიცია დაიკავა და 1/8 ფინალში 1 ივლისს საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

უკრაინა 0:0 ბელგია

შტუტგარტ არენა - შტუტგარტი
მსაჯი:
ენტონი ტეილორი (ინგლისი)

უკრაინა (5-3-2): ტრუბინი - ტიმჩიკი, ზაბარნი, სვატოკი (იარმოლენკო - 81), მატვიენკო, მიკოლენკო (ზინჩენკო 58) - შაპარენკო (ვანატი - 70), ბრაჟკო (სტეპანენკო - 70), სუდაკოვი - იარემჩუკი (მალინოვსკი - 70), დოვბიკი.

მთავარი მწვრთნელი: სერგეი რებროვი (უკრაინა).

ბელგია (4-3-3): კასტეელსი - ვერტონგენი, ფაესი, ტეატი, კასტანი - დე ბრუინი, ონანა, ტილემანსი (მანგალა - 62) - დოკუ (ბაკაიოკო - 77), ლუკაკუ (ოპენდა - 90), ტროსარი (კარასკო - 62).

მთავარი მწვრთნელი: დომენიკო ტედესკო (იტალია).

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს სლოვაკეთისა და რუმინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრის პირველი გოლი 24-ე წუთზე ონდრეი დუდამ თავით გაიტანა. რუმინეთის ნაკრებმა გაშვებული გოლის შემდეგ შეტევები გააძლიერა და 37-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლებაც მიიღო, რომელიც რაზვან მარინმა გოლად აქცია და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.



ორივე გუნდს ფრე ჯგუფიდან გასასვლელად ყოფნიდა, შესაბამისად, მეორე ნახევარი შედარებით ფრთხილად წარიმართა და რამდენიმე მომენტის მიუხედავად, მატჩი 1:1 დასრულდა.

რუმინეთის ნაკრებმა ჯგუფი მოიგო და 1/8 ფინალში მეტოქეს დაელოდება. სლოვაკეთი მესამე ადგილზე გავიდა და მისი მეტოქეც ჯერ-ჯერობით უცნობია.

სლოვაკეთი 1:1 რუმინეთი
დუდა (24) - რ. მარინი (37)

დოიჩე ბანკ პარკი - ფრანკფურტი
მსაჯი:
დანიელ ზიბერტი (გერმანია)

სლოვაკეთი (4-3-3): დუბრავკა - პეკარიკი (გიომბერი - 90+2), ვავრო, შკრინიარი, ჰანცკო - კუცკა, ლობოტკა, დუდა (ბერო - 90+2) - შრანცი (დურისი - 78), სტრელეცი (ბოჟენიკი - 70), ჰარასლინი (სუსლოვი - 70).

მთავარი მწვრთნელი: ფრანჩესკო კალცონა (იტალია).

რუმინეთი (4-1-4-1): ნიცა - რაციუ, დრაგუშინი, ბურკა, ბანკუ - მ. მარინი - ჰაჯი (მანი - 66), რ. მარინი (რუსი - 86), სტანჩუ, კომანი (სორესკუ - 58) - დრაგუში (პუშკაში - 66).

მთავარი მწვრთნელი: ედვინ იურდანესკუ (რუმინეთი).

დღევანდელი დღე და ჯგუფური ეტაპი 23:00 საათზე F ჯგუფის მატჩებით დასრულდება, სადაც პირველ რიგში, საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში პორტუგალიასთან უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს, პარალელურად კი თურქეთისა და ჩეხეთის შეხვედრა შედგება.

E ჯგუფი
1. რუმინეთი 3 1 1 1 4/3 4
2. ბელგია 3 1 1 1 2/1 4
3. სლოვაკეთი 3 1 1 1 3/3 4
4. უკრაინა 3 1 1 1 2/4 4
0.120025