საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიაში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოსამზადებელი მეორე ამხანაგური მატჩი კამერუნის ნაკრებთან ჩაატარა და მინიმალური სხვაობით, 66:67 დამარცხდა.
ჩვენს გუნდში საუკეთესო 20 ქულით და 8 მოხსნით სანდრო მამუკელაშვილი იყო. 16 ქულა ჩააგდო თორნიკე შენგელიამ, ჯო ტომასონის ანგარიშზე კი 12 ქულა იყო.
გუნდების შეთანხმებით, დღევანდელი მატჩი მედიისთვის დახურული იყო, შედეგის შესახებ ინფორმაცია კი კამერუნის კალათბურთის ფედერაციამ გაავრცელა. საქართველოსა და კამერუნის ნაკრებები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირს სწორედ ლატვიაში ჩაატარებენ. თუ საქართველოს მეტოქეები მასპინძელი და ფილიპინები არიან, მეორე ჯგუფში კამერუნი მონტენეგროსა და ბრაზილიას დაუპირისპირდება და არის შანსი, ეს გუნდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ, ნახევარფინალში გადაეყარონ.
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა 3 დღის წინ იტალიასთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქესთან 68:79 დამარცხდა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელები 2 დღეში, ეგვიპტის ნაკრებთან გამართავენ, რის შემდეგაც რიგაში გაემგზავრებიან და იქ გააგრძელებენ ტურნირისთვის მზადებას.