ჩინეთის თასზე გამართული შესანიშნავი მატჩის შემდეგ, ვაკო ყაზაიშვილმა სუპერ ლიგაშიც შეძლო თავის გამოჩენა და „შანდონგ ტაიშანს“ „ჩანგჩუნგ იატაისთან“ მატჩში ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრის 26-ე წუთზე ჟადსონის გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმის ბოლოს „შანდონგ ტაიშანი“ წინაც გავიდა, თუმცა მეორე ნახევარში მეტოქემ პენალტით წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ, შეხვედრა 2:2 დასრულდა.
ეს გოლი ვაკო ყაზაიშვილისთვის ჩინეთის სუპერ ლიგაში რიგით მე-5 იყო. გარდა ამისა, ქართველს 2 საგოლე გადაცემაც აქვს შესრულებული. 16 ტურის შემდეგ, „შანდონგ ტაიშანს“ 30 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ქართველი ფეხბურთელის გუნდი 30 ივნისს, „ბეიჯინგ გუოანის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ 4 დღის წინ ჩინეთის თასზე გამართულ მატჩში ვაკო ყაზაიშვილმა „ჩონგჩინგ ტონგლიანგლონგთან“ მატჩი 1 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა, მისმა გუნდმა კი შეხვედრა 6:3 მოიგო.