გამთენიისას ფლორიდაში, „ემერანტ ბანკ არენაზე“ NHL-ის სუპერფინალის, იგივე სტენლის თასის ფინალის მე-7 თამაში გაიმართა, რომელიც „ფლორიდა პანტერსის“ გამარჯვებით - 2:1 დასრულდა.
„ფლორიდა პანტერსი“ ფინალურ სერიას 3:0-ს იგებდა და თითქოს ყველაფერი ძალიან მალე უნდა დასრულებულიყო, თუმცა კონორ მაკდევიდმა და მისმა გუნდელებმა ყველაფერი გააკეთეს იქამდე, რომ სერიაში 2019 წლის შემდეგ პირველად, მე-7 თამაში დანიშნულიყო.
ანგარიში პირველი პერიოდის დაწყებიდან მალევე, მე-5 წუთზე გაიხსნა, როდესაც ფლორიდის უპირატესობის დასრულებიდან წამებში, ევან როდრიგესისა და ანტონ ლანდელის კომბინაცია კარტერ ვერჰაეგიმ ზუსტი დარტყმით დაასრულა და ანგარიშიც გახსნა - 1:0.
ედმონტონმა ანგარიში მალევე გაათანაბრა. კოდი სისის მიერ საკუთარი დაცვის ზონიდან გაკეთებული შესანიშნავი პასის შედეგად, მატიას იანმარკი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიშის გათანაბრება აღარ გასჭირვებია - 1:1.
მეორე პერიოდი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, გოლი კი მესამედის მიწურულს გავიდა. სემ რაინჰარტი მეტოქის ზონაში შევიდა და პარტნიორს ეძებდა, რა დროსაც დასარტყმელი სივრცე დაინახა და ზუსტი დარტყმით ფლორიდა კიდევ ერთხელ დააწინაურა - 2:1.
მესამე პერიოდში ედმონტონი ანგარიშის გათანაბრებას შეეცადა და შეხვედრის დასრულებამდე 7 წუთით ადრე საოცარი შანსიც მიიღო. კარის წინ მყოფმა კონორ მაკდევიდმა დარტყმა ვერ მოახერხა, დამატებაზე კი პირველი ზაკ ჰაიმანი აღმოჩნდა, რომელსაც ეეტუ ლუოსტორაინენი ჩაუწვა და გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა. საბოლოოდ, შეხვედრა „ფლორიდა პანტერსის“ გამარჯვებით - 2:1 დასრულდა და გუნდის ფინელმა კაპიტანმა, ალექსანდრ ბარკოვმა სტენლის თასიც ჩაიბარა.
2003 წლის შემდეგ პირველად, კონ სმაიტის ჯილდოს (ფინალური სერიის MVP) მფლობელი წაგებული გუნდის მოთამაშე გახდა და ამას ვინ თუ არა კონორ მაკდევიდი მოახერხებდა. 2003 წელს ეს ჯილდო ფინალში წაგებული „ანაჰაიმ დაკსის“ მეკარემ, ჟან-სებასტიან გიგერმა მიიღო.
„ფლორიდა პანტერსმა“ ტიტულის მოსაპოვებელ გზაზე „ტამპა ბეი ლაითნინგსი“ (4:1), „ბოსტონ ბრუინსი“ (4:2) და „ნიუ იორკ რეინჯერსი“ (4:2) დაამარცხა, ფინალში კი როგორც უკვე ვახსენეთ, „ედმონტონ ოილერსს“ 4:3 სძლია და გასულ წელს განცდილი მარცხის შემდეგ, ისტორიაში პირველად, სტენლის თასს დაეუფლა.