ფეხბურთი

17:12 | 25.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ისტორიას კიდევ ერთი ფურცელი შევმატოთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მედიის შეკითხვებს ხვალინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით უპასუხა.

„ახლა მხოლოდ პორტუგალიასთან მატჩზე ვფიქრობთ, წინა ორ შეხვედრაზე საუბარი კარგს არაფერს მოგვიტანს, თუმცა, გეთანხმებით, რომ უფრო მეტს ვიმსახურებდით, ვიდრე მივიღეთ.

კრიშტიანუსთან თამაშამდე არ ვღელავ, პირიქით, ეს ჩემი ოცნება იყო და იმ დროს ამიხდება, როცა ის ასაკშია და ევროპაშიც აღარ თამაშობს, მაგრამ ისე დაემთხვა, რომ ჩვენს ჯგუფშია. მოტივირებული ვარ და ოცნებები ხდება. იმედი მაქვს, თამაში ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება და მისი მაისურით მე მერგება (იღიმის - რედ).

რა თქმა უნდა, რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ უფრო მოტივირებული ვართ, ვიდრე პორტუგალია, რომელიც ჯგუფიდან უკვე გასულია. ჩვენთვის მსგავს ნაკრებთან თამაში ასეთ ვითარებაში კარგი გამოცდილებაა. ალბათ, ბევრი იმასაც ვერ იჯერებდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეგვეძლო, მაგრამ აქ ვართ და პორტუგალიასთან მოგებით ჯგუფიდან გასვლაც შეგვიძლია. ყველაფერი შესაძლებელია, 1% შანსიც რომ გქონდეს, უნდა გამოიყენო და მაქსიმუმს ვეცდებით, რომ ისტორიას კიდევ ერთი ფურცელი შევმატოთ. მზად ვართ და ვიმედოვნებ, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება.

პეპე ძალიან გამოცდილია, დიდი კარიერა ჰქონდა და სასიამოვნოა მის წინააღმდეგ თამაში, ეს დიდი გამოცდილება იქნება შემტევი ფეხბურთელებისთვის. თუმცა, მზად ვართ და ვინც არ უნდა იყოს მოედანზე, ჩვენი მიზანი გოლის გატანაა. პორტუგალიას ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, ვაფასებთ მეტოქეს. ბევრ კარგ გუნდთან გვითამაშია, ზოგთან მოგვიგია კიდეც, მაგრამ ერთი რამ, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ სახელ-გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერთან მოსაგებად გავდივართ მოედანზე, რაც გამოჩნდა თურქეთთან და ჩეხეთთანაც. ვიცით, ზურგზე რა ამოცანა გვაქვს და ვეცდებით, ხვალაც მაქსიმუმი გავაკეთოთ. საქართველოს ნაკრები მოედანზე მოგებისთვის გავა, არ აქვს მნიშვნელობა, რა შემადგენლობით ითამაშებს პორტუგალიის ნაკრები.

დასანანია, რომ ბოლო წუთებში მომენტები ვერ გამოვიყენეთ, შეგვეძლო თურქეთთან ფრე და ჩეხეთთან მოგებაც. თუმცა, დავრწმუნდით, რომ ყველასთან თამაში შეიძლება, მივიღეთ გამოცდილება, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, გოლის გატანის შანსი მოგეცეს. მომენტების გამოყენებაზე ვარჯიშებზეც ვმუშაობთ.

ლეაუსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ევროპის ჩემპიონატის წინ ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ, ძალიან კარგი ფეხბურთელი და უფრო კარგი ადამიანია, მას წარმატებებს ვუსურვებ. სამწუხარო და თან სასიხარულოა (იღიმის - რედ), რომ ხვალ ვერ ითამაშებს.

წინა ორ ტურში მეტი ქულის მოპოვება შეიძლებოდა. ვილის დავეთანხმები, ბევრი ამბობდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს არ ვიმსახურებდით, მაგრამ ყველას ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერთან შეგვიძლია თამაში და ცოტა დაგვაკლდა მოგებამდეც. ჯერ კიდევ გვაქვს შანსი ყველას დავუმტკიცოთ, რომ აქ ტურისტებად არ ჩამოვსულვართ და ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია.

თურქეთის წინააღმდეგ ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ თურქეთში ვთამაშობდით, თუმცა ქართველებიც ბევრი იყვნენ სტადიონზე. ჩეხეთის წინააღმდეგ უკვე მეგონა, რომ თბილისში ვთამაშობდით, რამაც ძალიან დიდი მუხტი მოგვცა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ მოტივაციას გვაძლევს. დიდი მადლობა გულშემატკივარს და ვეცდებით, რომ ისინი პორტუგალიასთან მატჩში გავახაროთ.

ჩემი პოზიცია? მზად ვარ იქ ვითამაშო, სადაც მწვრთნელს და გუნდს დავჭირდები. გუნდში სხვა პოზიცია მაქვს, ნაკრებში ცოტა სხვანაირად მიწევს თამაში, უფრო კონტრშეტევებზე ვარ კონცენტრირებული, მაგრამ დანამდვილებით იმის თქმა შემიძლია, რომ სადაც გუნდს დავჭირდები, იქ ვითამაშებ და ვეცდები პროდუქტიული ვიყო, პოზიციას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. დიახ, გულშემატკივარი ჩემგან მეტს უნდა ელოდოს, რადგან მაქსიმუმი არ მიჩვენებია და ვიმედოვნებ, რომ პორტუგალიასთან გუნდს უფრო კარგად დავეხმარები მიზნის მიღწევაში“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა, ხოლო ფრის შემთხვევაში დამოკიდებული იქნება სხვა ჯგუფებში დაფიქსირებულ შედეგებზე.

საქართველო-პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს, გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

WORLDSPORT.GE გელზენკირხენიდან

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13112