ფეხბურთი

16:30 | 25.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ვინ ითამაშებს და ვინ - არა, ამას მხოლოდ მე ვწყვეტ!"
ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა ვილი სანიოლმა, რომელმაც მედიის შეკითხვებს ხვალინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით უპასუხა.

“არ ვფიქრობ, რომ აქ განვლილ ორ მატჩზე სასაუბროდ, ვართ, არამედ იმისთვის, რომ პორტუგალიასთან თამაშზე ვისაუბროთ.

ბუდუ ზივზივაძე? გვაქვს რამდენიმე არჩევანი, არ მაქვს გადაწყვეტილი, ვინ გავა მოედანზე. ზოგადად, იმაზე, რაზეც საუბრობენ, შემიძლია გითხრათ, რომ გადაწყვეტილებებს მხოლოდ მე ვიღებ, ვინ ითამაშებს. შემადგენლობასთან დაკავშირებით არჩევანს საფეხბურთო მიზეზებით ვიღებ. 6-7 თვის წინ ყველა მაკრიტიკებდა მიქაუტაძე სკამზე რომ დავსვი და ზივზივაძეს ვათამაშებდი, ახლა პირიქით არჩევანზე იგივე ხდება. ჩემგან პოლიტიკა შორსაა, ეს თემა ხასიათს მიფუჭებს, მე ფეხბურთის მწვრთნელი ვარ და ვიღაც ბრიყვები მაკრიტიკებენ არასაფეხბურთო მიზეზებით. ბოდიში ცუდი ტონისთვის, მაგრამ შემადგენლობას მხოლოდ მე ვაყენებ, საფეხბურთო ფაქტორებიდან გამომდინარე. დიახ, ბუდუმ შეიძლება ხვალ ითამაშოს.

რაც შეეხება კიტეიშვილს, ის ხვალ მზად იქნება. ჩვენთვის აქ თამაში უკვე გამარჯვებაა, მაგრამ ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე ბუნებრივია, რომ უფრო მეტიც გვინდა, გვინდა მეტზე ვიოცნებოთ. პორტუგალიას ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ პატარა შანსიც თუ იქნება, ვეცდებით გამოვიყენოთ და მერვედფინალში გავიდეთ.

ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ტურნირის წინ ვინმეს რომ ეთქვა, მესამე ტურის წინ შანსი გექნებათო, ხელს მოვაწერდი. ეს ჩემი გუნდისთვის დიდი გამოცდილებაა.

ძალების აღდგენა მჭიდრო გრაფიკის გამო რთული იყო, ზოგს უფრო მეტი ენერგია აქვს, ზოგს ნაკლები, მაგრამ მხოლოდ 11 ფეხბურთელი არ გვყავს, არამედ 26. შეილება ხვალ გარკვეული ცვლილებები იყოს თამაშში ახალი ძალის, ენერგიისა და დინამიკის შესატანად. თუმცა მთელი გუნდის შეცვლას არ ვაპირებ.

წინა ორმა მატჩმა ყველას აჩვენა, რომ საქართველო აქ ყოფნას იმსახურებს. ჩემპიონატამდე იყო გამაღიზიანებელი საუბარი, მათ შორის, ლეგენდარული ფეხბურთელებისგან, რომ საქართველოს ყოფნა ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთისთვის კარგი არ იყო, მაგრამ აქ რომ ვართ, იმის დასტურია, რომ განვითარდით, შეიძლება ევროპის ჩემპიონატი ვერ მოვიგოთ, მაგრამ აქ დამსახურებულად ვთამაშობთ.

შენგელია და ყველა, 26-ვე ფეხბურთელი მზადაა სათამაშოდ. ის ძალიან ბევრს შრომობს, როგორც ყველა ფეხბურთელი და გუნდში სწორედ ასეთი მოთამაშეები გვჭირდება.

სიგუას სათამაშო დრო? ყველა თქვენგანს რომ დავუჯერო, ფეხბურთის წესების შეცვლა მომიწევს და 25 ფეხბურთელით ვითამაშებდი. ის ჯაბა კანკავას ნაცვლად გამოვიძახე, ასეთი პროფილის, ახალგაზრდა ფეხბურთელი შევარჩიე, რადგან ნიჭიერია და შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზე ყოფნა მისთვის დიდი გამოცდილება იქნება, რომელიც მას სამომავლოდ დაეხმარება“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა, ხოლო ფრის შემთხვევაში დამოკიდებული იქნება სხვა ჯგუფებში დაფიქსირებულ შედეგებზე.

საქართველო-პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს, გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

WORLDSPORT.GE გელზენკირხენიდან

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128898