ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში იტალიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ (1:1) ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა. შეგახსენებთ, რომ ხორვატიამ გოლი დამატებული დროის მერვე წუთზე გაუშვა.
„ბოლო წუთზე ალბანეთთან, ბოლო წუთი დღეს... შემიძლია მხოლოდ მივულოცო ბიჭებს ბრძოლა, მზადყოფნა, თავგანწირვა, რაც მათ გამოიჩინეს. მაგრამ ეს არ არის ჩვენი ტურნირი.
ხორვატია კარგი იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ამ ევროზე ორი პენალტი ვერ გავიტანეთ, ორი გოლი გავუშვით დამატებულ წუთებზე, ასეა, სიტუაცია ჩვენს ხელთ იყო, მაგრამ... მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვერდში გვიდგას, იმედგაცრუებული ვარ ამის გამო“, - ციტირებს დალიჩის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.