ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა ევროპის ჩემპიონატიდან 10 მოთამაშე გამოარჩია, რომელთაც საკუთარი თამაშით მომავალში კარგ გუნდში გადასვლა შეიძლება დაიმსახურონ და ამ სიაში გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძეც მოხვდნენ.
გიორგი მამარდაშვილი: მეკარეს პრემიერ ლიგაში გადასვლას უკავშირებენ და მისი ფასი ამ ზაფხულში საგრძნობლად გაიზარდა. საქართველოს 1-ელმა ნომერმა ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მოგერიება შეასრულა. „ვალენსიას“ სავარაუდოდ უამრავი გუნდი მიაკითხავს. 23 წლის ქართველი, ვისი მამა, დავითიც ასევე მეკარე იყო, ჯერ კიდევ კარიერის ჩვილ ფაზაშია. მასზე ყველაზე დიდი მოთხოვნა იქნება, როდესაც ტურნირი დასასრულს მიუახლოვდება.“
გიორგი მიქაუტაძე: ტურნირზე საქართველოს ნაკრების ორივე გოლი მიქაუტაძის ანგარიშზეა. გუნდიდან ყველაზე დიდ საფრთხის მომტანად ხვიჩა კვარაცხელია ითვლებოდა, თუმცა ჯერ-ჯერობით, მისი 23 წლის თანამემამულე მარტო უძღვება გუნდს. მიქაუტაძემ გასულ ზაფხულს „მეცი“ დატოვა და „აიაქსში“ გადავიდა, თუმცა ნიდერლანდებში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო საფრანგეთში დაბრუნდა და გუნდს ლიგაში დარჩენაში თითქმის დაეხმარა. ევრო 2024-ზე გიორგის თამაშმა მისი ფასი ძალიან გაზარდა“
ბრიტანულმა გამოცემამ ქართველების გარდა, ათეულში ნიკო უილიამსი (ესპანეთი), კრისტიან ერიქსენი (დანია), პიერ-ემილ ჰოიბიერგი (დანია), ნიკოლას ზაივალდი (ავსტრია), ფერდი ქადიოღლუ (თურქეთი), ფედერიკო კიეზა (იტალია), რიკარდო კალაფიორი (იტალია) და რომან იარემჩუკი (უკრაინა) დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა, მეორე ტურის შეხვედრა კი ფრედ - 1:1 დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს, 23:00 საათზე გელზენკირხენში გაიმართება.