ფეხბურთი

11:52 | 24.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გავაშესანიშნავშვიდეულოთ?

საუკეთესო მესამეადგილოსნებისთვის ჯგუფიდან გასვლის შანსი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატიდან გაჩნდა. ჰოდა ჩამოვჯექით დღეს ამ ჩვენს ტავერნაში და ის ოთხივე შემთხვევა გავიხსენეთ, როცა ბოლო ტურის წინ გუნდს კინკილა ქულა (ან ისიც არ) ჰქონდა და შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა.

ევრო 2016, E ჯგუფი.

ირლანდიამ პირველ მატჩში შვედეთთან 1:1 ითამაშა, მეორე კი ბელგიასთან 0:3 წააგო. ბოლო ტურში, ანტონიო კონტეს უკვე გასულ და რეზერვით მოთამაშე იტალიასთან, ირლანდიამ 85-ე წუთზე გაიტანა, 1:0 მოიგო და გავიდა მერვედფინალში, სადაც უკვე მეორე წუთზე დაწინაურდა საფრანგეთთან, მაგრამ 1:2 დამარცხდა.

ევრო 2020 (ჩატარდა 2021-ში), A ჯგუფი.

შვეიცარიამ პირველ მატჩში უელსთან 1:1 ითამაშა, მეორე კი იტალიასთან 0:3 წააგო. ბოლო ტურში, ბაქოში, თურქეთს 3:1 მოუგო და გავიდა მერვედფინალში, სადაც საფრანგეთთან 3:3 ითამაშა და პენალტებით იმარჯვა, მეოთხედფინალში კი 1:1-ის მერე ასევე პენალტებით წააგო ესპანეთთან.

ევრო 2020, B ჯგუფი.

დანიამ პირველ მატჩში ფინეთთან წააგო 0:1 (კრისტიან ერიქსენი რომ კინაღამ მოკვდა, ის თამაშია), მეორე კი - ბელგიასთან 1:2. ასე უქულოდ შეხვდა ბოლო ტურს, სადაც ბოროტი რუსეთი სასახელოდ 4:1 გააცამტვერა და გავიდა პლეი-ოფში, სადაც ჯერ უელსი შეიწირა 4:0, მერე ჩეხეთსაც მოუგო 2:1 და მხოლოდ ნახევარფინალში წააგო უემბლიზე ინგლისთან და ისიც დამატებით დროში 1:2. აი ასე - ორი ტურის მერე უქულო გუნდი ჩემპიონატის მთლად პრიზიორებში მოხვდა.

ევრო 2020, D ჯგუფი.

ხორვატიამ პირველ მატჩში ინგლისთან 0:1 წააგო, მეორე კი ჩეხეთთან 1:1 ითამაშა (პატრიკ შიკმა გაუტანა, ჩვენი არ იყოს). ბოლო ტურში შოტლანდიას 3:1 მოუგო და გავიდა მერვედფინალში, სადაც ზღაპრულ თამაშში 3:5 დამარცხდა ესპანეთთან.

და მართალია მსოფლიო ჩემპიონატებზე ეს საუკეთესო მესამეობა არავის არგია, ჩვენი რა მიდის და ბარემ ბოლო ორი მუნდიალიდან ის 2 შემთხვევაც გავიხსენოთ, მესამე ტურამდე ქულით მისულები რომ გავიდნენ პლეი-ოფში:

მუნდიალი 2018, D ჯგუფი.

არგენტინამ პირველ მატჩში ისლანდიასთან 1:1 ითამაშა, მეორე კი ხორვატიასთან 0:3 წააგო. ბოლო ტურში ნიგერიას 86-ე წუთზე გაუტანა გადამწყვეტი, 2:1 მოუგო და გავიდა მერვედფინალში, სადაც საფრანგეთთან 3:4 წააგო.

მუნდიალი 2022, H ჯგუფი.

სამხრეთ კორეამ პირველ მატჩში ურუგვაისთან 0:0 ითამაშა, მეორე კი განასთან 2:3 წააგო. ბოლო ტურში უკვე გასულ და სანახევროდ რეზერვებით მოთამაშე პორტუგალიას 90+1 წუთზე 2:1 მოუგო და გავიდა მერვედფინალში, სადაც ბრაზილიასთან 1:4 დამარცხდა.

გავაშესანიშნავშვიდეულოთ?

https://www.facebook.com/photo/?fbid=122111174906352029&set=a.122102285150352029

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059994