ფეხბურთი

23:02 | 23.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნურაფრის ნუ გეშინია: ერთი დღით ქართული ჰამბურგი

ევრო 2024-ზე ორი ტური მიილია, საქართველოს ნაკრებს კი, ჯგუფიდან გასვლის შანსი შენარჩუნებული აქვს. შანსი, რომელიც დიდი არ არის, სიტუაციიდან და მომდევნო მეტოქიდან გამომდინარე, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

თუმცა, ახლა იმაზე არ ვწერ, როგორი და რა შანსი არსებობს იმისა, რომ ვილი სანიოლის გუნდი მერვედფინალში გავიდეს.

ჩეხეთთან მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული გამოდგა. შესაძლოა, ზოგს შედეგი არ მოეწონა, ზოგს თამაშის ხარისხი, ზოგს სანიოლის გადაწყვეტილებები, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - ქართული ფეხბურთის ისტორიას ეს მატჩი შემორჩება, რადგან ევროპის ჩემპიონატზე (დიდ სანაკრებო ტურნირებზე) საქართველოს ნაკრებმა პირველი ქულა მოიპოვა.

ხარისხობრივად თურქეთთან მატჩი უკეთესი იყო, მაგრამ ჩეხეთთან მძიმე თამაში მოსალოდნელიც გახლდათ, რადგან ივან ჰაშეკის გუნდი ძალიან გამართული და ძალისმიერია. ისინი კარგად იყენებდნენ პლუსებს - ფიზიკური კონდიციებს, იგებდნენ ორთაბრძოლებს და სტანდარტულებიდანაც სახიფათო იყვნენ, გოლიც ხომ ასე გაიტანეს. არადა, ჩვენს ნაკრებს მოგებაც შეეძლო, საბა ლობჟანიძის მომენტი დიდხანს გვემახსოვრება. თუმცა, ესეც ფეხბურთის ნაწილია. თავიდან, როცა ეს მომენტი „ფოლკპარშტადიონის“ მედიატრიბუნიდან ვნახე, მომეჩვენა, რომ გატანა უფრო ადვილი იყო, ვიდრე აცილება, მაგრამ მერე, ტელევიზორში, მშვიდ გონებაზე ვნახე მომენტი, არც ასე მარტივად იყო საქმე. ცხადია, გასატანი მომენტი ჰქონდა, მაგრამ არც ისე ადვილად შესასრულებელი სიტუაცია იყო, ყველაფრიდან გამომდინარეც.

დორტმუნდში, თურქეთთან თუ საქართველოს ნაკრებს მხარდაჭერა არ აკლდა, მაგრამ მაინც სტუმრად მოუწია თამაში, ჰამბურგში, ჩეხეთთან ასე არ იყო. არადა, ველოდი, რომ სტადიონზე ბევრი ჩეხი გულშემატკივარი იქნებოდა, ბევრი იყო კიდეც, თუმცა, იმდენი ნამდვილად არა, რამდენსაც ველოდი. ტრიბუნებზე ქართველებმა მოიგეს. მთელი მატჩის განმავლობაში საოცარი ატმოსფერო იყო, საოცარ „ფოლკპარკშტადიონზე“, რომელიც თითქმის იყო სავსე, მაგრამ არა ბოლომდე, ალაგ-ალაგ ცარიელი სკამები ჩანდა, თუმცა ძალიან ცოტა.

ჰამბურგისკენ გეზი ვუპერტალიდან დილის 5 საათზე ავიღე. გზად ქართველი გულშემატკივარიც შემოგხვდა, რომელიც ასევე ჰამბურგში თამაშზე მიდიოდა. გადაჯდომა მომიწია ბრემენში, რომლის რკინიგზის სადგურზე უამრავი ქართველი ქომაგი იყო, ყველას გეზი ჰამბურგისკენ ჰქონდა აღებული და უკვე ვიგრძენი, რომ სტადიონზე განსაკუთრებული გარემო იქნებოდა. ჰამბურგშიც, სტადიონისკენ მიმავალ გზაზე ქართველები სჭარბობდნენ, აქა-იქ გამოერეოდნენ ჩეხები, მაგრამ „ფოლკპარკი“ ნამდვილად ქართული იყო. გულშემატკივრობაც მაგარი იყო, თავი „დინამო არენაზე“ მეგონა, ჯერ საქართველოს ჰიმნზე დაინგრა სტადიონი, მერე თამაშის დროს ისმოდა - „შენთვის, შენთვის ვმღერი, ზღაპრის ბოლო კეთილია, შენთან, შენთანა ვარ, ნურაფრის ნუ გეშინია“ - საამაყო ამბები ხდებოდა.

სტადიონი ჩინებულია, 57 000 მაყურებელს იტევს, სუფთა საფეხბურთო არენაა, საიდანაც ფეხბურთი მაგრად იყურება, ყველაფერი ხელის გულზე ჩანს. არც აკუსტიკას დაეწუნება რამე. თუმცა, შედარება თუ უნდა გავაკეთო, დორტმუნდის „ვესტფალენი“ მაინც უკეთესია. მართალია, თითქოს, დორტმუნდში უფრო ძველი სტადიონია და ჰამბურგში უფრო თანამედროვე, მაგრამ როდესაც ტრიბუნები ივსება, „ვესტფალენს“ სხვა ემოცია მოაქვს.

თამაში ალბათ ყველამ ნახა, მასზე ბევრს არაფერს ვიტყვი, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა მორიგ ჯერზე ყველას დაანახა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მეტიც, ორი ტურის შემდეგ ქართველი ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოა (გადაუჭარბებლად). ისევ მაღალ დონეზე ითამაშა გიორგი ქოჩორაშვილმა, გიორგი მიქაუტაძე ტურნირის თანაბომბარდირია.

სხვათა შორის, დიუსელდორფში თურქ გულშემატკივარს შევხვდი, ქოჩორაშვილი და მიქაუტაძე გამოარჩია, გვარები არ ახსოვდა, მაისურის ნომრებით მესაუბრებოდა მათზე აღტაცებით, მაგრამ განსაკუთრებით ქოჩორაზე და ამბობდა, რომ ძალიან მაგარი ფეხბურთელია. მართლაც ასეა, ქოჩორაშვილს ფართო საფეხბურთო წრეებში არ იცნობდნენ, მაგრამ ახლა ის ალბათ ბევრი სკაუტის დავთარში იქნება მოხვედრილი.

აუცილებლად მინდა ვთქვა იმაზე, რასაც ეს ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებს მოუტანს: დიდი გამოცდილების გარდა, თავი რომ დავანებოთ იმას, გავალთ თუ არა, პლეი-ოფში, ეს ევროპის ჩემპიონატი გუნდს სამომავლოდაც დაეხმარება. ჯერ ერთი, რომ ნაკრების აბსოლუტური ბირთვი ძალიან ახალგაზრდაა და კარიერის უმეტესი ნაწილი წინ აქვთ, მეორეც, ახლა საქართველოს ნაკრებს ყველა სხვანაირად შეხედავს, მეტოქეების მხრიდანაც გაიზრდება პატივისცემა და დაფასება. თვითონ ქვეყანაშიც უფრო მეტი ინტერესი გააჩინა - ბევრი ვიცი ისეთი ადამიანი, ვინც ფეხბურთს აქამდე საერთოდ არ უყურებდა, მაგრამ ახლა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მატჩებამდე წუთებს ითვლის. მოკლედ, ამ ყველაფერს ეფექტი აუცილებლად ექნება, მგონია, რომ კარგია, მაგრამ მეორეხარისხოვანია შედეგი, მთავარი ისაა, რომ საქართველოს ნაკრების მიმართ სხვების დამოკიდებულება შეიცვალა.

მარტო ის რად ღირს, რომ ორი ტურის შემდეგ გიორგი მიქაუტაძეზე მეტი გოლი არავის აქვს გატანილი, გიორგი მამარდაშვილზე მეტი დარტყმა არავის მოუგერიებია და ხვიჩა კვარაცხელიაზე მეტჯერ მეტოქე არავის მოუტყუებია, იმის მიუხედავად, რომ კვარა საუკეთესო ფორმისგან შორსაა და ძალიან ბევრი კრიტიკაც შეხვდა. მარტო ის რად ღირს, რომ გიორგი ქოჩორაშვილზე ყველა საუბრობს, ბიჭი, რომელსაც ზუსტად 1 წლის წინ ქართველი გულშემატკივარიც კი არ იცნობდა. ან, იმას რა სჯობს, როცა ევროპის ჩემპიონატზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ქართველს გადასცემენ, ან მარტო ის საოცარი კადრები რად ღირს, როცა იმედგაცრუებულ საბა ლობჟანიძეს თანაგუნდელები თუ მწვრთნელები ერთი მეორის მიყოლებით ამხნევებენ და ის კადრი რად ღირს, ჟორჟის პენალტის მომენტში, ხვიჩა რომ პირჯვარს იწერს, ეს ყველაფერი ხომ თავისთავად მეტყველებს რაც ხდება ჩვენს თავს, ადრე ხომ ასე არ იყო? ჰოდა, მჯერა, რომ დღეიდან ასე იქნება, საქართველოს ნაკრები ამ ევროპის ჩემპიონატით კიდევ უფრო გაძლიერდება.

მოკლედ, საფეხბურთო ელიტის ზეიმის მონაწილე რომ ხარ, ყველაფერი იცვლება, საქართველოს ნაკრებმა და ქართველმა გულშემატკივარმა ეს დაიმსახურა.

წინ გელზენკირხენი და პორტუგალიაა, მძიმე, მაგრამ კიდევ ერთი ისტორიული თამაში და ჩვენ, დასაკარგი არაფერი გვაქვს...

WORLDSPORT.GE ჰამბურგიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114604