ფეხბურთი

15:52 | 23.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო: ევროფილები ერთიანდებიან

ფრანგულმა გამოცემამ So foot-მა, რომელიც ფეხბურთს არა იმდენად სიახლეების შემოთავაზებით, არამედ სოციალურ-კულტურული ფენომენის თვალსაზრისით აშუქებს, გუშინდელი რეპორტაჟი ევრო 2024-ის საწყის დღეებში დორტმუნდში დაბანაკებულ ქართველ გულშემატკივრებს მიუძღვნა.

სტატიაში მეტყველი სათაურით „საქართველო: ევროფილები ერთიანდებიან“, ავტორი გვაუწყებს, რომ მაშინ როდესაც საქართველო პოლიტიკურად კრიზისულ პერიოდს გადის, ევრო 2024 მრავალი გულშემატკივრისთვის ევროპისადმი კუთვნილების გამოხატულებად იქცა.

კერძოდ, სტატიის ავტორი მოგვითხრობს „ქომაგების“ ლიდერ დავითზე, რომლის მოსვირინგებულ მკლავზე გამოსახულია ევრო 2024-ის ლოგოზე დასაჯდომად გამზადებული თვითმფრინავი. უხვად მიღებული ლუდი („რომელიც, მზადაა გაგვინაწილოს“) ხელს უშლის ინგლისური სიტყვების ძებნაში, მაგრამ „ცისფერთვალება ბრგე ყმაწვილი“ ატყობინებს სტატიის ავტორს, რომ 2024 წლის 26 მარტი, ანუ ის დღე, როდესაც საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, უბედნიერესია მის ცხოვრებაში.

„მაშინ, როდესაც დორტმუნდის კომერციული ცენტრი თურქებს აქვთ ოკუპირებული, „ჯვაროსნები“ (les Croisés) ვესტპარკში შეიკრიბნენ. უნდა ითქვას, რომ 1980-იანი წლების შემდეგ, როდესაც „დინამო“ თბილისი ევროპაში მეფობდა, ხოლო ქართველი ფეხბურთელები საბჭოთა ნაკრებში დომინირებდნენ, ამ კავკასიელ ხალხს ბევრი მიზეზი არ ჰქონია მრგვალი ბურთის ირგვლივ გასახარად“, წერს ავტორი და ისევ დავითის სიტყვებს მოიშველიებს: „ფეხბურთი ყოველთვის იყო ჩვენი დნმ-ის ნაწილი. ჩვენი მონაწილეობა ევროზე ის აპოთეოსია, ჩვენს ევროპელობას რომ ადასტურებს“.

გამოცემა ერთობ საფუძვლიანად მოიხსენიებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და ატყობინებს მკითხველს, რომ ქართული ოცნების მიერ „რუსული ანალოგით ინსპირირებული საკამათო კანონის“ ინიცირება ოპოზიციის, მოსახლეობის დიდი ნაწილის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიერ „სამარცხვინოდ და დამმონებლად“ მიიჩნევა. კანონპროექტის გამოცხადებისთანავე ასობით ათასი მოქალაქე გამოვიდა თბილისის ქუჩებში, წერს So foot.

ამიტომ, გამოცემის აზრით, ოქტომბერში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე, მაქსიმალურადაა გამოსაყენებელი ევროპის ჩემპიონატის თანმხლები საერთაშორისო მედია-გარემო: „მუქარის ქვეშ მყოფმა და ზოგჯერ დარბეულმა მანიფესტანტებმა სოცქსელების მეშვეობით ნაკრების ფეხბურთელების მხარდაჭერა დაიმსახურეს. „თუკი ვარსკვლავი კვარაცხელია შემოიფარგლა განცხადებით, რომ „საქართველოს მომავალი ევროპაშია“, ეს მხარდაჭერა უფრო მკაფიო იყო ქოჩორაშვილის, ზივზივაძის, კანკავასა და ჩაკვეტაძის მხრიდან, რომლებიც „შოკირებული“ არიან მანიფესტანტების წინააღმდეგ გამოყენებული მეთოდებით. ამ მხრივ, გამოცემა კვლავ იმოწმებს დავითის აზრს, რომ „მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც მოშორებით ცხოვრობს თბილისის განათლებული ფენებისგან, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ცნობილი ხალხის მხრივ პოზიციის დაფიქსირება. ეს ერთიანობის შეგრძნებას ქმნის“.

იქვე ვხვდებით თბილისელ ნინის, რომელიც ქომაგთა ჯგუფთან ერთად სკანდირებაში ვარჯიშობს: „დღეს პოლიტიკა ცოტა არ იყოს ჩრდილში მოექცა სპორტული შეჯიბრის სასარგებლოდ“, ამბობს ის. თუმცა ნინი არ ივიწყებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპირებას და ეწინააღმდეგება ოფიციალური თბილისის მიერ პუტინისტური ყაიდის ტოტალიტარიზმის დამყარებას: „ანტირუსული და ანტიპუტინისტური შეძახილების მთელი წყება გვაქვს. თამაშის დროს მათ აუცილებლად გამოვიყენებთ“.

14 საათისთვის დავითი ქართული დროშით ხელში წინ მიუძღვება ქართველ გულშემატკივართა ნაკადს გადავსებულ ლინდემანშტრასეზე. „ჩვენ, Komagebi, ყველა მანიფესტაციის, ყველა შეკრებისა და ძალოვნებთან ყველა შეტაკების მონაწილე ვიყავით. ჩვენ სამართლიანობისთვის ვიბრძვით“, ამბობს წინამძღოლობას შეჩვეული დავითი. მის უკან რამდენიმე ქართველს ევროკავშირის დროშა უჭირავს. ერთ-ერთი მათგანი, მიხეილი, ამ დროშის სტადიონზე შეტანას აპირებს: „კარგად უნდა დავანახოთ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ევროპის ნაწილი ვართ. ასევე, ოქტომბრის არჩევნებამდე აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო მედია იმის დემონსტრირებისთვის, რომ ევროკავშირში ადგილს ვიმსახურებთ“.

So foot მოგვითხრობს იქვე მყოფ თამუნას შესახებაც, რომელიც 2015 წლიდან ბერლინში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ თამუნამ, არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, პროტესტის ნიშნად დატოვა თავისი თანამდებობა ბერლინში საქართველოს საელჩოში. თამუნას ამაყად აღუმართავს „ჯვაროსანთა დროშა“ (drapeau des Croisés) და ამბობს: „საშინლად ვნანობ, რომ ვერ შევძელი საქართველოში ჩასვლა და მანიფესტაციებში მონაწილების მიღება. ამიტომ, ევროპის ჩემპიონატის მიღმა ვერ დავრჩებოდი. არ ვარ ფეხბურთის დიდი მოყვარული, მაგრამ ჩემი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი თვალსაზრისით. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ევროპასთან ახლოს“.

დასასრულისთვის So Foot აღნიშნავს იმ მეგობრულ გარემოს, რომელიც სუფევს ქართველი ქომაგების ირგვლივ. ადგილობრივებიც საქართველოს პატარა დროშებს აქნევენ, ხოლო ქართველები სამაგალითო სისუფთავეს იცავენ, როდესაც ნარჩენებს ნაგვის ურნებში ათავსებენ. „განკარგულება ნათელია: კარგი შთაბეჭდილება უნდა მოვახდინოთ კონტინენტზე, თუნდაც ლუდით ნასვამები ვიყოთ. აბა, ინგლისელებივით ხომ არ მოვიქცევით“...

გოგი თუშმალიშვილი

https://www.facebook.com/photo?fbid=122111078894352029&set=a.122102285150352029

0.111093