ფეხბურთი

20:23 | 22.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ლობჟანიძე ახლა თავს ძალიან ცუდად გრძნობს, ორივე გუნდი იმედგაცრუებულია"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევრო 2024-ის მეორე ტურში ჩეხეთთან (1:1) მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, არსებობს იმედგაცრუება ბოლო მომენტის გამო, მაგრამ იგივე განცდები ჩეხებსაც დაეუფლებოდათ, რადგან მათ ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს.

„კვარაცხელია? მე არ მჩვევია ფეხბურთელებზე ინდივიდუალურად საუბარი, მით უფრო ახლა. შეიძლება ვისაუბრო შემდეგ, როცა ამა თუ იმ ფეხბურთელის თამაშს გავაანალიზებ. კიტეიშვილს ჯერ კიდევ სჭირდება ერთი დღე და ვნახოთ როგორ იქნება, იმედია დაგვეხმარება, ხოლო კვირკველია 10 დღე საქართველოში საავადმყოფოში იწვა, ავსტრიაში რომ ჩამოვიდა, არ იყო სრულ მზადყოფნაში, ამიტომ დაიღალა და შევცვალე, გველესიანი თამაშში კარგად ჩაერთო.

რა ვუთხარი ლობჟანიძეს? ასეთ დროს ბევრი რამ შეიძლება უთხრა ფეხბურთელს, რომელსაც ასევე სჭირდება ეს ყველაფერი. საქართველოში 3 წელზე მეტია ვარ და ეს ადამიანური გამოცდილებაა. წარმოვიდგინე რას გრძნობდა და ამიტომ მივედი მასთან. თუ კარისკენ არ ურტყამ, გოლსაც ვერ გაიტან, მსგავსი რამ ხდება. მატჩის შემდეგ შერეული განცდები გაგვიჩნდა, თავიდან იყო მედგაცრუება ბოლო მომენტის გამო, მაგრამ შემდეგ გავიაზრეთ, რომ პირველი ქულა მოვიპოვეთ, რომლის უკან ძალიან დიდი მუშაობაა და ჩვენთვის ეს ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ 1 ქულა.

ჩეხეთის ნაკრებით გაკვირვებული არ ვარ, ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი იქნებოდა, მეტოქემ პირველიდან ბოლო წუთამდე წნეხის ქვეშ მოგვაქცია. ალბათ ჩეხებიც იმედგაცრუებული არიან, რადგან ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს, მაგრამ ჩვენ ფანტასტიკური მეკარე გვყავს, მამარდაშვილი დღეს აბსოლუტურად ფანტასტიკური იყო. შეიძლება ბოლო მომენტის გამო იმედგაცრუებული ვიყოთ, მაგრამ ასევე არიან ჩეხებიც. ფეხბურთში ყოველთვის ვერ იღებ იმას, რასაც იმსახურებ, ეს თურქეთთან მატჩშიც მოხდა, როცა წაგებას არ ვიმსარებდით.

დასაკარგი ამ ევროპის ჩემპიონატზე საერთოდ არაფერი გვაქვს. ჩვენი მთავარი მიზანი ამგვარი ტურნირიდან გამოცდილების მიღება იყო. საქართველო ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ახლა ევროპის ჩემპიონობა შეგვიძლია. გამოცდილების თვალსაზრისით ფეხბურთელებისთვის, ყველასთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია, დღევანდელ მატჩში ისინი დაინახავდნენ, როგორია უმაღლესი დონის მატჩები, სადაც საჭიროა 90 წუთის განმავლობაში იყო კონცენტრირებული და ძალიან მაგარი. ეს არის გამოცდილება, საიდანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება და საქართველოს ნაკრებს მომავალში დაეხმარება.

ევროპის ჩემპიონატის წინ ჯგუფიდან გასვლაზე რომ გვესაუბრა, ალბათ, გავიღიმებდით. წინ პორტუგალიასთან მატჩია, რომელიც ყველამ იცის, რას წარმოადგენს. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაქსიმალურად მოვემზადებით, გვექნება ამბიცია, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ, ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ ახლა მთავარია ენერგია აღვიდგინოთ, რადგან ზოგიერთი ფეხბურთელი დაღლილია.

ლობჟანიძის მომენტში ნამდვილად იყო მოჭარბებული ემოციები ჩემშიც, მაგრამ როგორც ვთქვი, საბოლოოდ, შერეული განცდები გაგვიჩნდა. მთავარია, ახლა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რა გამოგვივიდა კარგად, რა - არა, შემდეგ კი, ამის გამოსწორებაზე ვიმუშაოთ. ლობჟანიძე ამ წუთას თავს ძალიან ცუდად გრძნობს, მაგრამ მომდევნო დღეებში ყველანაირად ვეცდებით, რომ ის გავამხენოვოთ", - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და ბოლო ტურში 26 მაისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

WORLDSPORT.GE ჰამბურგიდან

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11158