ფეხბურთი

16:58 | 21.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბარაკი: "კვარაცხელია დიდი ვარსკვლავია, მაგრამ საქართველოს სხვა კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს"

ჩეხეთის ნაკრების ნახევარმცველმა ანტონინ ბარაკმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც „ფიორენტინას“ ფეხბურთელმა აღნიშნა, რთულ თამაშს ელოდება, მაგრამ ასეთი მატჩებისგან ის სიამოვნებას იღებს.

„კვარაცხელია დიდი ვარსკვლავია, გასულ სეზონში მისი დამსახურება იყო „ნაპოლის“ ჩემპიონობა და ერთ-ერთი გამორჩეულია. ეროვნულ ნაკრებში მას ცოტა განსხვავებული როლი აქვს, ნაკლებად იღებს დახმარებას თანაგუნდელებისგან, მაგრამ საქართველოს სხვა კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კვარაცხელიაზე საუბრობს. სხვებიც არ უნდა დავივიწყოთ, კარგი თავდამსხმელები ჰყავთ, რომლებმაც იციან მომენტების შექმნა და კონტრშეტევებზე გადასვლა.

ჩემი აზრით, კარგია, რომ მატჩის წინ ბაზაზე ვივარჯიშეთ და არა ჰამბურგში, როგორც ვიცი, საქართველოც ასე მოიქცა. ეს კარგია, რადგან მოედნის საფარი უფრო მზად იქნება თამაშისთვის. რაც შეეხება ბურთს, ვერ ვიტყვი, რომ არ მომწონს, პირიქით, მაგრამ შეჩვევა სჭირდება. ძალიან მსუბუქი ბურთია, უცნაური მაჩვენებლები აქვს და შორი მანძილიდან გოლების სიმრავლეც ამას უკავშირდება.

ჩვენ ინდივიდუალურად ძლიერები ვართ, მაგრამ პირველ რიგში, ძლიერები გუნდურად ვართ, ერთმანეთს ვეხმარებით. ფეხბურთმა მე ყველაფერი მომცა, ამიტომ, რთულ მატჩებში თამაში უფრო მსიამოვნებს, ვიდრე ამხანაგურ შეხვედრებში. დიდ მატჩებში მონაწილეობა მირჩევნია, როცა შემიძლია მაქსიმუმი ვაჩვენო.

საქართველო პორტუგალიისგან აბსოლუტურად განსხვავებული ნაკრებია. ჩვენი სტილით თამაში გვსურს, შემტევი ფეხბურთის ჩვენება. იმედი გვაქვს, რომ მოვიგებთ კარგი ფეხბურთით, თუმცა დაცვაში კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ.

საქართველოს დებიუტი ჰქონდა, რაც ძალიან რთულია, როცა ასეთ ტურნირზე ხარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მსგავსი რანგის ტურნირისთვის ყველა გუნდი მზადაა. არ ვიცი, ხვალ ვითამაშებ თუ არა, მაგრამ თუ ასე იქნება, ვეცდები პატრიკ შიკს დავეხმარო გოლის გატანაში და ისიც დამეხმარება“, - თქვა ბარაკმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებთა მატჩი 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე ჰამბურგში გაიმართება.

WORLDSPORT.GE ჰამბურგიდან

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11042