ფეხბურთი

16:34 | 21.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ივან ჰაშეკი: "არ ვფიქრობ, რომ საქართველო თამაშს გახსნის, თუმცა, 3-4 ძლიერი შემტევი ჰყავს"

ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, რთულ თამაშს ელოდება და საქართველოს ნაკრებიდან შემტევი ფეხბურთელები გამოარჩია.

"საქართველო-თურქეთის მატჩს ჩვენი წარმომადგენლები დაესწრნენ, გავაკეთეთ ვიდეო ანალიზიც, დეტალურად გავარჩიეთ მათი თამაში. ბოლო წუთამდე ჰქონდათ შანსი, მაღალი ხარისხი აჩვენა, როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. ორივე გუნდი მაღალ დონეზე იყო, ზოგადად, ძალიან რთულ ჯგუფში ვართ. მხოლოდ კვარაცხელია არ ჰყავთ, შეხედეთ მიქაუტაძეს, მან არა მარტო თურქეთთან გაიტანა გოლი, არამედ საფრანგეთის ჩემპიონატში 11 გოლი გაიტანა. ამიტომ, ქართველ შემტევებს სივრცეები არ უნდა მივცეთ. გამოვარჩევდი ჩაკვეტაძესაც, რომელიც მოედნის კარგი ხედვით გამოირჩევა, კარგად გადადიან კონტრშეტევებზე, შესაბამისად, საჭიროა ყოველთვის ვიყოთ კონცენტრირებული, ხელი შევუშალოთ. თავდაცვით ფაზაშიც ძლიერი გუნდია, ნახევარდაცვაში სივრცეებს არ ხსნიან და რთულია მის წინააღმდეგ შეტევა.

მიხარია, რომ ტომაშ სოუჩეკმა სრული დატვირთვით ივარჯიშა. ის ჩვენს გუნდს არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც წარმოადგენს. ნამდვილი კაპიტანია და თამაშისთვის მზადაა.

საქართველოს ნაკრებისგან თამაშის გახსნას არ ველოდები. მიუხედავად იმისა, რომ ჰყავთ 3-4 ძალიან კარგი შემტევი ფეხბურთელი, არ ველოდები, რომ მხოლოდ შეტევაში ითამაშებენ. ჩვენ ვიცით, რომ ამ მატჩში წაგების უფლება არ გვაქვს. ვილი სანიოლს ვიცნობ, წლების წინ გვინდოდა ჩვენთან ემუშავა. მასთან არ მისაუბრია, ის ფრანგული სკოლის წარმომადგენელია და ძალიან კარგი მწვრთნელია.

პორტუგალიასთან ბურთის ფლობა გვაკლდა, დიდი პრესინგის ქვეშ გვიწევდა თამაში და ამიტომ, სულ დაცვაში ვიდექით, შემდეგ კი, შეტევისთვის ძალა აღარ გვრჩებოდა. ფეხბურთელებს ძალიან ბევრი სირბილი მოუწიათ და ენერგია არ დარჩათ, რის გამოც შეტევა გაგვიჭირდა. ხვალ განსხვავებული თამაში იქნება, გვინდა შემტევი ფეხბურთის ჩვენება და გვსურს ვიყოთ სახიფათონი.

პორტუგალიასთან ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გააკეთა მოგებისთვის, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა. პირველ შეხვედრაში შეტევაში თამაში ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ამჯერად ეს უნდა შევძლოთ. რაც შეეხება შემადგენლობას, გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ ვერ გეტყვით მეტს. სასტარტოში ცვლილებები შეიძლება იყოს.

როდესაც მოედანი სველია, ამ ახალი სტილის ბურთით თამაში უფრო სწრაფი ხდება. ეს ამარტივებს შორეულ დარტყმებსაც, რაზეც ვვარჯიშობდით. მამარდაშვილი ძალიან ძლიერი მეკარეა ლა ლიგიდან, მაგრამ შეგვიძლია მისთვის შორიდან გოლის გატანა“, - თქვა ჰაშეკმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებთა მატჩი 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე ჰამბურგში გაიმართება.

WORLDSPORT.GE ჰამბურგიდან

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115129