ფეხბურთი

14:49 | 19.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ამბები დორტმუნდიდან: საქართველომ ევროპას თავი გააცნო

სოციალურ ქსელში სხვადასხვა ცნობილ გვერდზე გულშემატკივრების კომენტარებს ვკითხულობ და საქართველოს ნაკრებს თითქმის ყველა აქებს, ყველა ამბობს, რომ მეტი დავიმსახურეთ, მინიმუმ ფრე მაინც. ყველაზე მეტჯერ კი, მაინც ასეთი შინაარსის მესიჯები მომხვდა თვალში - „ეს იყო საუკეთესო მატჩი ევრო 2024-ზე“.

ალბათ, ყველაზე კარგად სწორედ თამაშის დღეს შევიგრძენით ის რეალობა, რომელშიც ახლა საქართველოს ნაკრები და ზოგადად, ქართველი გულშემატკივარია. თავიდანვე ცხადი იყო, რომ დორტმუნდში საქართველოს არა ნეიტრალურ მოედანზე, არამედ სტუმრად თამაში მოუწევდა და ასეც იყო.

სტადიონისკენ გეზი თამაშის დაწყებამდე 3 საათით ადრე ავიღე. „სიგნალ იდუნა პარკისკენ“ მიმავალ გზას მიყვებოდნენ როგორც თურქი, ისე ქართველი ფანები, ისმოდა შეძახილები და სიმღერები. ზოგადად, დორტმუნდის სტადიონზე მისვლა ფეხითაც ძალიან მარტივია - დორტმუნდის ცენტრალური სადგურიდან გაფენილია მწვანე ხალიჩა, რომელიც სტადიონამდეა მისული და ცხადია, ასე იქნება ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე, რათა გულშემატკივარმა უმარტივესად მოახერხოს დანიშნულების ადგილამდე მისვლა.

ტრიბუნებზე ქართველი ფანებიც ბევრი იყვნენ, ძნელია ზუსტი რაოდენობის თქმა, მაგრამ თურქები აშკარად სჭარბობდნენ. ზოგადად, სტადიონზე მათ ჯოჯოხეთური ატმოსფერო შექმნეს და ეს ბუნებრივიც იყო - თურქების ფანობის კულტურა ხომ საყოველთაოდ ცნობილია. თუმცა, უარყოფითი ფაქტებიც მოხდა: ჩხუბი ქართველ და თურქ ფანებს შორის, რის გამოც საქმეში პოლიციაც ჩაერია და რაც ყველაზე არასასიამოვნო იყო - საქართველოს ჰიმნზე სტვენა და ობსტრუქცია. კარგია, რომ ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ამაზე ყურადღება გაამახვილა.

საქართველოს ნაკრებს ასეთ წნეხში ალბათ არასდროს უთამაშია, ამიტომაც განსაკუთრებით რთული საწყისი წუთები გამოვიდა, როცა ნერვიულობას ის წნეხიც დაემატა, რაც თურქებისგან მოდიოდა. შესაბამისად, ვინჩენცო მონტელას გუნდმა აქცენტი სწრაფ გოლზე გააკეთა და კარგია, რომ მიზანს ვერ მიაღწია.

პარადოქსულია, რომ პირველი გოლი მაშინ მივიღეთ, როცა თამაში გათანაბრდა, შეტევაში გადასვლა საქართველოს ნაკრებმაც დაიწყო. მერთ მიულდურს ალბათ, კარიერის ბოლომდე არ გამოუვა ისე იდეალურად დარტყმა, როგორც გუშინ, თითქოს ყველაფერი დაწერილი იყო - ასე უნდა მომხდარიყო.

ორი წუთის მერე ქენან ილდიზის თითქმის შეუმჩნეველმა თამაშგარემ გადაგვარჩინა. აი, მერე კი, უკვე საქართველომ იპოვა თავისი თამაში და გოლიც შესანიშნავი შეტევით გავიდა. ცოტა ხანში, უფრო მაგარი შეტევის გოლით დასრულება ისევ მიქაუტაძეს მართებდა, მაგრამ მცირედით არაზუსტად დაარტყა. არადა, ეს გოლი რომ გასულიყო, თამაშის სცენარს მთლიანად შეცვლიდა, რადგან თურქეთის ნაკრები პირველი ტაიმის ბოლო ნაწილში დემორალიზებული ჩანდა, მოიშალა გუნდის მექანიზმი და ვეღარ ახერხებდნენ ბურთის კონტროლსაც.

თურქები არა მარტო მოედანზე, არამედ ტრიბუნებზეც დემორალიზებული ჩანდნენ: საქართველოს გოლის შემდეგ ტაიმის ბოლო წუთამდე ტრიბუნებიდან თურქი გულშემატკივრების ხმები პრაქტიკულად არ ისმოდა - საქართველოს ნაკრებმა მათი გაჩუმება შეძლო. ჩემს გვერდით თურქი ჟურნალისტი იჯდა, რომელმაც სწორედ მიქაუტაძის გამოუყენებელი მომენტის შემდეგ გამომხედა და მითხრა - ძალიან კარგად თამაშობთო.

ასეც იყო, სანიოლის გუნდმა ყველას აჩვენა, რომ შეუძლია ფეხბურთის თამაში, თანაც ძალიან კარგად, ორგანიზებულად. იყო ხარვეზები, შეცდომები, რაც შეიძლება წნეხის და გამოუცდელობის ბრალია, შეიძლება უფრო სიღრმისეული პრობლემაცაა, მაგრამ ფაქტია, რომ მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა აჩვენა მაღალი ხარისხის ფეხბურთი.

არდა გიულერსაც მაგარი გასროლა გამოუვიდა, ნიჭიერი ფეხბურთელია, დიდი ტალანტი აქვს, მაგრამ იშვიათად ასე მაგრად დაარტყა - გიორგი მამარდაშვილს შანსი არ ჰქონდა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, თითქოს, ზემოდან იყო დაწერილი სცენარი, ასე უნდა მომხდარიყო და შემთხვევითობა არაა, რომ უეფამ ტურის ოთხ საუკეთესო გოლში მიულდურის და გიულერის გოლებიც შეიყვანა.

გიორგი ქოჩორაშვილი იყო საუკეთესო საქართველოს ნაკრებიდან. რომ არ წაგვეგო, დარწმუნებული ვარ, უეფაც მას გადასცემდა მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზს. ქოჩორა იყო ყველგან - წინ, უკან, უკან, წინ, ყველგან, სადაც იყო ბურთი და ყველგან, სადაც გუნდს სჭირდებოდა. საგოლე პასიც შესანიშნავად გააკეთა, ორჯერ გოლთანაც ახლოს იყო. განსაკუთრებით, გიულერის გოლიდან 5 წუთში, როცა მცველი მაგრად მოატყუა და ბურთი ხარიხას მოხვდა. მერე კომპენსირებულ დროში, როცა უფრო მიქაუტაძემ შეუშალა ხელი (ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, ორივემ ერთმანეთს). ბოლო წუთზე იყო ძელიც, იყო ცარიელი კარიდან გამოტანილი ბურთიც - ზურიკო დავითაშვილის დარტყმის შემდეგ გოლი აუცილებლად გავიდოდა, მაგრამ მცველი, მცველი გადაეღობა წინ საქართველოს ნაკრების პირველ ქულას ევროპის ჩემპიონატზე.

მარცხით კმაყოფილება არ შეიძლება, მაგრამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ბევრი პოზიტიური რამ მოხდა. საქართველოს ნაკრებმა ევროპას თავი გააცნო და თუ აქამდე, სხვები შეიძლება ზემოდანაც უყურებდნენ, ალბათ, დღეიდან ასე აღარ იქნება. ყველამ დაინახა, რომ ეს არის მებრძოლი და ორგანიზებული გუნდი, რომელშიც ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. არ დაგვავიწყდეს, რომ გუნდს ოთარ კიტეიშვილი აკლდა, მთავარი ღერძი ნახევარდაცვაში, რომელსაც შეუძლია თამაშის შეცვლა.

წინ ჰამბურგი და ჩეხეთის ნაკრებია. მგონია, რომ ძალიან რთული იქნება ჩეხეთთან თამაში, ასე ვფიქრობდი, ტურნირის წინ და აზრი არ შემიცვლია. ათლეტური გუნდია, რომელსაც არ ჰყავს მსოფლიო დონის ვარსკვლავი, მაგრამ მთავარი ძალა გუნდურობაში აქვს. მიუხედავად ამისა, უკვე დასაკარგი მართლა არაფერია, პირველმა ტურმა კი, საქართველოს ნაკრებს თავდაჯერება უნდა შესძინოს.

WORLDSPORT.GE დორტმუნდიდან

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

0.136939