11:48 | 19.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიჟური, წარმტაცი, ყველაზე ცოცხალი მატჩი - ევროპული პრესა საქართველო - თურქეთზე

საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩის წინ დასავლური გამოცემების თვალის გადავლებისას, ჩვენი ნაკრების მიმართებით ერთგვარი თანაგრძნობით გაზავებული სკეფსისი იკითხებოდა. მაგალითად, ფრანგულმა ყოველდღიურმა გაზეთმა La Croix საქართველო იმ „მცირე“ ქვეყნებში მოიხსენია, რომლებსაც ოდესმე მსხვილ საფეხბურთო ფორუმებში მონაწილეობის პატივი ერგოთ - ჰაიტის, სალვადორის, იამაიკის, ტრინიდადი და ტობაგოს და ასევე აზიის თასის მონაწილე პალესტინის გვერდით.

სამაგიეროდ, მატჩის შემდეგ ეს ეჭვნარევი ირონია ენთუზიაზმით სავსე ეპითეტებით ჩანაცვლდა.

„შეხლა-შემოხლა, ბიბლიური წვიმა და საოცარი გოლები: როგორ ამოაყირავა თურქეთი-საქართველომ ევრო 2024“, ასეთი სათაური წაუმძღვარა მატჩის ანგარიშს ბრიტანულმა "ინდეპენდენტმა": „სავარაუდოდ, ვაპატიებდით მავანს, თურქეთი-საქართველოს მატჩი ჯგუფური ეტაპის ყველაზე ნაკლებადსაინტერესო დაპირისპირებად რომ მიეჩნია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ორი გუნდის დაჯამებული რეიტინგი ყველაზე მოკრძალებულად გამოიყურებოდა ტურნირის მონაწილეთა შორის და, თანაც, საქართველოს არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა ევროპის ჩემპიონატებისა. მაგრამ, თვითონ თამაში? ის ისეთ რამედ იქცა, რაც გაცილებით შორს გასცდა უბრალოდ საფეხბურთო მატჩს“.

კიდევ უფრო მაღალ რეგისტრში მოიხსენიებს გუშინდელ შეხვედრას ლონდონური "გარდიანი", რომელიც ამ დაპირისპირებას მიმდინარე ტურნირზე საუკეთესოდ მიიჩნევს: „ოჰ, როგორ ვიხალისეთ! როგორი შეხვედრა იყო, როგორი ხმაური და როგორი საღამო! „ვესტფალენშტადიონის“ სახურავიდან წამოსული ნიაღვრის ფონზე გათამაშებული სპექტაკლი ბიბლიური მასშტაბის სტიქიის ტოლფასი გამოდგა: გიჟური, წარმტაცი, გახსნილი მატჩი, რომლის მსვლელობისას ყველაფერი ვნახეთ: 38 დარტყმა, სამჯერ ძელს მოხვედრილი ბურთი და ოთხი გოლი. ამათგან, ერთიც ისტორიული - ჟორჟ მიქაუტაძის მიერ, საქართველოს სულ პირველი გოლი ასეთ ტურნირზე“. გამოცემის კორესპონდენტი ჰყვება, რომ აფეთქება აფეთქებას მოსდევდა და როდესაც ყველას ეგონა, რომ მორიგი აფეთქების ხილვა უკვე შეუძლებელი იქნებოდა, ვნახეთ საქართველოს მიერ ვერგამოყენებული ორი მომენტი მატჩის 96-ე წუთზე და თურქეთის მიერ მოიპოვებული გამარჯვება დრამატულ თამაშში. „ეს ბრწყინვალე იყო; ყველანი ბრწყინვალენი იყვნენ. ისინი თამაშობდნენ ღირსებისთვის და გამარჯვებისთვის, მაგრამ ასევე სიამოვნებისთვის. თამაშობდნენ იმ ენთუზიაზმით, რომელიც ჩქეფდა სტადიონის სახურავიდან წამოსული ნიაღვარივით. ფეხბურთი უკეთესია წვიმიან ამინდში“, ასკვნის "გარდიანი".

ფრანგული სპორტული ჟურნალისტიკის რეფერენტული გაზეთი L’Equipe, წერს, რომ „თურქეთმა აიცილა ქართული ხაფანგი“, ხოლო მეინსტრიმული Le Monde მიიჩნევს, რომ „ვესტფალენშტადიონის“ 80000 მაყურებელმა ნახა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის „ყველაზე დაძაბული და ცოცხალი მატჩი. იმ ჯგუფში სადაც ფავორიტი პორტუგალიის ნაკრებია, თურქეთმა და საქართველომ შემოგვთავაზეს ორმხრივი შეტევებითა და სიტუაციის შემოტრიალებებით სავსე თამაში, რომელშიც საბოლოოდ თურქეთის ნაკრებმა გაიმარჯვა“.

https://www.facebook.com/photo/?fbid=122109749798352029&set=a.122102285150352029

0.111622