ფეხბურთი

3:14 | 19.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი: "ნერვიულობამ უკვე ჩაიარა, მომდევნო მატჩებს უფრო თამამად ვითამაშებთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ნაკრებს მეტი სითამამით შეუძლია.

„რა თქმა უნდა, აქ თამაში ძალიან სასიხარულოა და პატივია. რაც შეეხება თამაშს, დებიუტანტი გუნდი ვართ და პირველ წუთებში ნერვიულობა იგრძნობოდა, მაგრამ რაც უფრო დრო გავიდა, თამაშში შევედით და შესაძლებლობები გამოვავლინეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ, 2:1-ს შემდეგ დომინანტები ვიყავით და შეგვეძლო გაგვეთანაბრებინა ანგარიში. ვფიქრობ, რომ ფრეს ვიმსახურებდით და თამაშიდან გამომდინარე უკეთესი შედეგი შეიძლებოდა.

არ იყო პოზიციური ცვლილება, მწვრთნელის დავალება იყო მეორე სართულზე თამაში, რადგან ბოლო წუთები იყო, შეტევაში ჩაწოდებებზე უნდა მეაქტიურა. ეს არ არის ჩემი პოზიცია, მაგრამ ფეხბურთელს როცა მოედანზე გასვლა გიწევს, შენი ქვეყნისთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთო და არ აქვს მნიშვნელობა სად ვითამაშებ, საქართველოს ნაკრებისთვის ბოლომდე დავიხარჯები. ჩვენ ტურისტებად არ ვართ და ნებისმიერთან ბოლომდე ვიბრძოლებთ, ძალიან მოტივირებული ვართ.

ძალიან კარგი ატმოსფერო იყო სტადიონზე. ყველამ იცის, რომ თურქები გამოირჩევიან ფანებით, მაგრამ ჩვენებიც გამორჩეულები იყვნენ. პატარა ქვეყანა ვართ, მცირე შესაძლებლობებით და არ არის ადვილი აქ ჩამოხვიდე. თუმცა, ყველაფერი გააკეთეს, რომ დღეს აქ ყოფილიყვნენ და პატარა ქვეყნების წარმატება ერთიანობით იწყება. ფეხბურთელებს მარტო თამაშით და შედეგებით შეგვიძლია მათ მადლობა გადავუხადოთ. მეამაყება ის ხალხი, რომლებიც დღეს აქ მოვიდნენ.

ახლა ყველაზე მთავარია შეცდომები გავაანალიზოთ. ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდი ვართ და უფრო თამამად, მეტი ინიციატივით შეგვიძლია თამაში, მომავალ მატჩებში უფრო თამამად ვითამაშებთ, რადგან ეს პირველი შეხვედრა იყო და ნერვიულობაც არსებობდა, რამაც უკვე ჩაიარა. მაქსიმალურად ვეცდებით, საქართველო კარგად წარმოვაჩინოთ“, - თქვა ლოჩოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მეორე ტურში 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

WORLDSPORT.GE დორტმუნდიდან

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117553