ფეხბურთი

23:37 | 18.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვინჩენცო მონტელა: "საქართველო ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ არის"

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არაა და არ უკვირს, რომ მის გუნდს გამარჯვება გაუჭირდა.

„გულშემატკივარი მთელი მატჩის განმავლობაში ფანტასტიკური იყო, მათ შორის, თამაშის რთულ ფაზებშიც. დღეს 50 წლის გავხდი და ბიჭებმა საუკეთესო საჩუქარი გამიკეთეს. როგორც წინა მატჩში, ახლაც 22-ჯერ დავარტყით კარისკენ, საჭიროა, რომ მეტი სიზუსტე გვქონდეს ბოლო ფაზაში. მომეწონა ჩემი გუნდის თამაში, უბრალოდ ზოგჯერ კონცენტრაციას ვკარგავდით, პარადოქსულია, რომ ეს მოხდა მას მერე, რაც გოლი არ ჩაგვითვალეს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ თამაშობს. ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ორგანიზებული, რომელმაც იცის ძლიერი და სუსტი მხარეები. ჩვენ მატჩის დახურვა პირველივე ტაიმში შეგვეძლო, თუმცა საბოლოოდ, კარგი თამაში გამოვიდა, რომელიც ნამდვილად არ იყო ადვილი.

წელს ბევრი რამ პირველად მოხდა: მოვიგეთ დიდ ტურნირზე პირველ ტურში, დავამარცხეთ ხორვატია, 62 წლის შემდეგ გერმანიაში მოვიგეთ, ასე რომ, ახლა გვინდა ჯგუფიდანაც გავიდეთ, რადგან თურქეთი ბოლო ევროპის ჩემპიონატებზე ჯგუფიდანაც ვერ გადიოდა. ოთხ დღეში მატჩი გვაქვს და საჭიროა უკვე ამ შეხვედრაზე კონცენტრირება. ჩვენი უახლოესი მიზანია პორტუგალიასთან მოგება და მერვედფინალის საგზურის განაღდება“, - თქვა მონტელამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მეორე ტურში 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

WORLDSPORT.GE დორტმუნდიდან

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111104