ფეხბურთი

22:01 | 18.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბოლომდე ბრძოლა იღბლის გარეშე: საქართველოს დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა. ისტორიული შეხვედრა, რომელიც მისი შედეგის მიუხედავად, ქარტული ფეხბურთის ისტორიაში დარჩება.

საქარტველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებთან წააგო, მაგრამ თამაშში დამარცხებულა საერთოდ არ ყოფილა, რადგან ვილი სანიოლის გუნდმა საფეხბურთო ევროპას დაანახა, რომ იმსახურებს იყოს ნაწილი იმ ზეიმისა, რასაც ევროპის ჩემპიონატი ჰქვია.

საქართველოს ნაკრებს საწყის წუთებში ბუნებრივია, რომ ეტყობოდა მღელვარება, ეს ასეც უნდა ყოფილიყო, სხვანაირად შეუძლებელიცაა. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ თურქეთის ნაკრები დიდ უპირატესობას ფლობდა.

პირველი საგოლე მომენტი მაინც თურქებმა შექმნეს, როცა ქაან აიჰანის შორეული დარტყმა ძელს მოხვდა და გიორგი მამარდაშვილი უშანსოდ იყო. სახიფათო მომენტს მომენტითვე ვუპასუხეთ, ძალიან მალე, ერთ წუთში: ანზორ მექვაბიშვილის დარტყმის შემდეგ რიკოში იყო და ბურთმა მიმართულება შეიცვალა, მაგრამ თური მეკარე ბგიუნოკი ბურთს მაინც შესწვდა და კუთხურზე მოიგერია.

მერე თამაში გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა, თურქეთი ფლობდა ინიციატივას, მაგრამ საქართველოს კონტრშეტევების შანსებიც ჰქონდა. ანგარიში მაინც ვინჩენცო მონტელას უგნდმა გახსნა, ეს 25-ე წუთზე მოხდა, როცა მარჯვენა მცველმა მერთ მიულდურმა დიდებული დარტყმა შეასრულება, ალბათ, ასეთი დარტყმის შესრულება 10 ცდიდანაც ურთულესია, მაგრამ სამწუხაროდ ამ მომენტში მას ყველაფერი გამოუვიდა.

გოლით შემართულმა თურქმა ფანებმა თავიანთ გუნდს კიდევ ერთი გოლისკენ უბიძგეს და საქართველოს ნაკრებს დაახლოებით ორი წუთი უმძიმეს წნეხში მოუწია თამაში. მეორეც გოლიც გავიდა, უფრო სწორად გავიდოდა, რომ არა სანტიმეტრები: ქენან ილდიზმა გაიტანა, თუმცა, VAR-ზე გადამოწმდა და მცირე თამაშგარის გამო გოლი სამართლიანად გაუქმდა.

გაუქმებულმა გოლმა უკვე საქართველოს ნაკრებს მისცა მუხტი და სანიოლის გუნდმა უპირატესობა მოიპოვა, რაც შედეგში ძალიან მალე აისახა. 32-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა მარჯვენა ფლანგზე საჯარიმოში მარტო მყოფი გიორგი მიქაუტაძეც მოძებნა, რომელმაც ჩვეულ სტილში, ერთი შეხებით ისტორიული, დაუვიწყარი გოლი გაიტანა - საქართველოს ნაკრების პირველი გოლი დიდ სანაკრებო ტურნირზე!

თურქი გულშემატკივრები დადუმდნენ, ამის შემდეგ ტაიმის ბოლო წუთამდე მათი შეძახილები ნაკლებად თუ ისმოდა, სამაგიეროდ, თამაში მოედანზეც ჩვენი კარნახით წავიდა და 35-ე წუთზე მიქაუტაძე ახლოს იყო დუბლთან, როდესაც ფანტასტიკურ კომბინაციას ვარდნაში დარტყმით ასრულებდა, მაგრამ ოდნავ არაზუსტი დარტყმა გამოუვიდა. ტაიმის ბოლო 15-მა წუთმა თურქეთის ნაკრები დაარწმუნა, რომ საქართველოს ნაკრები ანგარიშგასაწევი ძალაა, რომელიც თანამედროვედ თამაშობს და ევრო 2024-ზე დამსახურებულადაა.

მეორე ტაიმი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და ასეც მიმდინარეობდა. 62-ე წუთზე კვარაცხელიას შეეძლო გატანა, მაგრამ გიორგი წიტაიშვილის პასის შემდეგ კარგად ვერ დაარტყა. 65-ე წუთზე თურქეთმა ისევ არაფრისგან გაიტანა, რადგან ამ გოლს მართლა არაფერი მოასწავებდა. წიტაიშვილმა დაკარგა ბურთი საჯარიმოსთან ახლოს და არდა გიულერმა ფანტასტიკურად დაარტყა, თურქებმა ამჯერადაც მაგარი გოლი გაიტანეს...

საქართველოს ნაკრებს მალევე შეეძლო გათანაბრება: 70-ე წუთზე ქოჩორაშვილმა ითამაშა შესანიშნავად, ტექნიკურად და მეკარესთან თითქმის პირისპირ დარჩა - სამწუხაროდ, ბურთი ხარიხას მოხვდა და თურქეთი გადარჩა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრების რიგებში ალბათ ყველაზე გამორჩეული იყო, დიდი შავი სამუშაო გასწია, შეტევასაც მაგრად ეხმარებოდა და საგოლე პასიც მიითვალა.

შეხვედრის ბოლო წუთებში სანიოლი 4-მცველიან სქემაზე გადავიდა, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. არადა, გათანაბრებასთან ძალიან, ძალიან ახლოს ვიყავით, შეუთანხმებლობამ თურქეთი გოლისგან იხსნა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ქოჩორაშვილმა და მიქაუტაძემ რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, როცა გოლი გარდაუვალი ჩანდა, ერთმანეთს ხელი უფრო შეუშალეს და ბურთიც კარს ასცდა...

საგოლე შანსი კიდევ გვქონდა, თანაც როგორი?! ბურთი ძელს მოხვდა, როცა მთელ სტადიონს უკვე გოლი ეგონა... დამატებაზე ზურიკო დავითაშვილმა ითამაშა და კარში მიმავალ ბურთს თურქი მცველი გადაეღობა... ამ დროს საქართველოს ნაკრები მთელი გუნდით შეტევაში იყო, მათ შორის მამარდაშვილიც, საპასუხო იერიში კერემ აკტურკოღლუს გოლით დასრულდა, ცარიელ კარში.

ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ამ შეხვედრაში ქებას იმსახურებს, ყველაფერი გააკეთა, ფრესთან ახლოსაც იყო, მაგრამ ძალიან ბევრ მომენტში არ გაუმართლა...

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

თურქეთი - საქართველო 3:1 (1:1)

დორტმუნდი, „BVB არენა“

თურქეთი (4-2-3-1): გიუნოკი; მიულდური (ჩელიკი 85), აკაიდინი, ბარდაკჯი, კადიოღლუ; აიჰანი (დემირალი 79), ჩალჰანოღლუ (ოზჯანი 89); არდა გიულერი (იაზიჯი 79), კოკჩუ, ილდიზი; ილმაზი (აკტურკოღლუ 85)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; კვირკველია (ზივზივაძე 85), კაშია, დვალი; კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 74); ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 74), კვარაცხელია; მიქაუტაძე

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლები: 1:0 მიულდური (25) 1:1 მიქაუტაძე (32), 2:1 არდა გიულერი (65), 3:1 აკტურკოღლუ (90)

გაფრთხილება: ბარდაკჯი (35), ჩალჰანოღლუ (89) - კვირკველია (55)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 23 (10) – 14 (4) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 2:1

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: არდა გიულერი (თურქეთი)

მსაჯი: ფაკუნდო ტელო (არგენტინა)

WORLDSPORT.GE დორტმუნდიდან

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115142