ფეხბურთი

21:37 | 13.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "არაფერს დავთმობთ, ყველაფერს გავიღებთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უეფა-ს ვებგვერდთან ისაუბრა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, ჯგუფი რთულია, მაგრამ საქართველოს ნაკრები არაფერს დათმობს.

„დედამიწაზე კრიშტიანუ რონალდუს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი ერთ-ერთი შვილია, რომელიც ბედნიერია, რომ პორტუგალიას ვხვდებით და ეს ჩემთვისაც გასაოცარი ამბავია, როგორც მამისთვის.

ძალიან რთული იქნება, რადგან პორტუგალია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ბოლო რამდენიმე წელიწადში თურქეთის ნაკრებს გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავს, ახალგაზრდები და ნიჭიერები. ჩეხეთსაც შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, ისტორიაც გააჩნია, ბევრ დიდ ტურნირზე აქვს ნათამაშები.

ბოლოს ჩვენ ვართ, საქართველო. აქ შეიძლება ითქვას, „ველური ბარათით“ მოვხვდით, ხმაურის გარეშე. თუმცა არასდროს არაფერს დავთმობთ და ყველაფერს გავიღებთ, რაც გვაქვს.

ჩვენ ერთად მივაღწიეთ რაღაც მნიშვნელოვანს და მოთამაშეები ამას მიხვდებიან, როცა გაერთიანდებიან ოჯახებთან და მეგობრებთან და დაბრუნდებიან გარე სამყაროში. რაც მთავარია, ეს გამარჯვება ამ ფედერაციის ჯილდოდ უნდა მივიჩნიოთ. ეს არ არის ყველაზე დიდი ევროპული ფედერაცია, მაგრამ ცდილობს იმუშაოს და კარგად გააკეთოს საქმეები. ის ცდილობს დაეხმაროს ახალგაზრდებს წინსვლაში. ვიმედოვნებ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა ფედერაციას და ქართველ ერს მისცემს გამოცდილებას, რომელიც მომავალში ახალი მიღწევებისკენ მიგვიყვანს. მიზანია, ყველამ, მოთამაშეებმა, პერსონალმა და ფედერაციამ ამ შესანიშნავი ტურნირის დროს გამოცდილება მიიღონ.

როდესაც მე საქართველოს ნაკრებში დავიწყე მუშაობა, რთული პერიოდი იყო, რადგან ჩვენ ვიყავით COVID-19-ის პანდემიის შუაგულში, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ საქართველო მანამდე ცოტა ხნით ადრე გამოეთიშა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხით ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს 2020 წლის ნოემბერში. ასე რომ, ჩვენ კვლავ უნდა დაგვეწყო მშენებლობა და განგვეკურნა ჩვენი გონება და გული, რადგან ეს დიდი იმედგაცრუება იყო. თითქოს სიზმარი შეჩერდა. ამას დრო დასჭირდა.

ჩვენ შევცვალეთ მოთამაშეების და ყველას ხედვა. ფეხბურთელები ამ მხრივ ფანტასტიკურები იყვნენ. ორი-სამი წელია მუშაობენ, ბევრი რამ შეცვალეს. ზოგმა ყველაფერი შეცვალა ფეხბურთთან მიმართებაშიც კი. ეს მათთვისაც ჯილდოა, რადგან დიდი ხანია სჯეროდათ ამის“, - აღნიშნა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111961